logo
ENG



ხაბეიშვილი კუხიანიძეზე: მთავარმა ნაძირალამ უნდა გადაწყვიტოს ეს პატარა ნაძირალა გაუშვან თუ არა

16 დეკ 201914:17
3 წუთის საკითხავი
 
kgrpzhlgfuagpfb.jpg

საკრებულოში თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრაზე "ქართული ოცნების" წევრის ერეკლე კუხიანიძის მიერ დაწერილი პოსტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელეს. 

ოპოზიციური პარტიების ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ სავარაუდოდ, მმართველი გუნდი ერეკლე კუხიანიძის საკითხთან დაკავშირებით პარტიის თავმჯდომარის, ივანიშვილის პოზიციას ელოდება. 

სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი თავის გადაწყვეტილებას კუხიანიძესთვის მანდატის დატოვებასთან დაკავშირებით ხვალ გამოაცხადებს. 

"საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში გვქონდა შეხვედრა. სხვა ოპოზიციონერი დეპუტატებიც ესწრებოდნენ. მივიღეთ პირობა, რომ ხვალ „ქართული ოცნების“ შემადგენლობა გამოაცხადებს თავის გადაწყვეტილებას. გიორგი ტყემალაძემ თქვა, რომ მისთვის კუხიანიძის პოზიცია მიუღებელია. თქვა, რომ გუნდში ეს პოზიცია ყველასთვის მიუღებელია. დაველოდებით ხვალინდელ დღეს. თუ მაინც დარჩება ეს ნაგავი საკრებულოში, ისევ მოვალთ აქ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა "ფორმულასთან" საუბარში. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმაც გააკეთა. ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ გუნდი ივანიშვილის პოზიციას ელოდება, რათა გადაწყვეტილება მიიღოს. 

"გიორგი ტყემალაძემ თქვა დაახლოებით ასეთი რაღაც, კიო ნაძირალა არიო კუხიანიძეო, მაგრამ ქვეყანაში გვყავს კიდევ უფრო დიდი ნაძირალა, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ღებულობს გადაწყვეტილებებს. მე კი ვარო საკრებულოს ფორმალური თავმჯდომარეო, მაგრამ ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ. იმ მთავარმა დაძირალამ უნდა გადაწყვიტოს ეს პატარა ნაძირალა გავუშვათ თუ არაო. როგორ უნდა ვიყოთ კმაყოფილები ამ შეხვედრით?! სოლოლაკში მთავარ ნაძირალას უნდა მოვკითხოთ პასუხი“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

აქციების გაგრძელებას არ გამორიცხავს სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი. ის იმედოვნებს, რომ საკრებულო და მმართველი გუნდი კუხიანიძეს თანამდებობიდან გადააყენებს, თუმცა აცხადებს, რომ თუ ასე არ მოხდება, აქციები გაგრძელდება. 

"ბუნებრივია ამ საკრებულოსგან პოზიტიური მოლოდინი არ გვაქვს, მაგრამ ხვალინდელ დღეს ველოდებით. ხვალ ისევ აქ შევიკრიბებით და იმედი მაქვს, რომ მსგავსი პროტესტის განმეორება არ მოგვიწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოვიტანთ უფრო დიდ ნაგვის ურნებს, რომელშიც ძალიან მარტივად ჩაეტევა თავად ბატონი კუხიანიძე. ან გამოვიდეს თვითონ ან დაატოვებინონ საკრებულო. ვიქნებით ძალიან მკაცრები“, - ამბობს გიგა მაქარაშვილი.

"დატოვოს საკრებულო სამარცხვინო კუხიანიძემ!", - ამ მოთხოვნით თბილისის საკრებულოსთან "სამოქალაქო მოძრაობის" წევრები აქციას მართავდნენ. მათ საკრებულოს თავმჯდომარესთან სურდათ შეხვედრა. პოლიციასთან მცირე დაპირისპირების შემდეგ, ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა ტყემალაძესთან შეხვედრა შეძლეს.

შეგახსენებთ, საკრებულოს წევრი ერეკლე კუხიანიძე საკუთარ Facebook-გვერდზე 15 დეკემბერსვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მიერ დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა. კუხიანიძის თქმითსაოკუპაციო ხაზთან აქციის გამართვა პროვოკაციული ნაბიჯია და ამით ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება

კუხიანიძის კრიტიკას საზოგადოების დიდი ნაწილის გაღიზიანება მოყვა. ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოების დიდმა ნაწილმა კუხიანიძის საკრებულოდან გარიცხვა მოითხოვა. თავად ოცნების წევრმა, კუხიანიძემ Facebook-ზე მორიგ სტატუსი გამოაქვეყნა. ამჯერად, კუხიანიძე საზოგადოების კრიტიკას გამოეხმაურა. მისი თქმით, არასწორად მოქმედებენ ის ადამიანები, რომლებიც კუხიანიძეს კიცხავენ, ასევე მმართველი გუნდის მუშაობას იწუნებენ. მან საზოგადოების კრიტიკა ფსიქიკურ აშლილობად შეაფასა.

 


close დახურვა