logo
ENG



ხაზარაძე: დღეიდან დაიწყება შეუპოვარი ბრძოლა დემოკრატიისა და ქვეყნის გათავისუფლებისთვის

23 თებ 202110:29
3 წუთის საკითხავი
 

"დღეიდან დაიწყება შეუპოვარი ბრძოლა დამოკრატიისთვის, ქვეყნის გათავისუფლებისკენ, იმიტომ, რომ ერთი კაცის და მისი დამქაშების დრო დამთავრდა", - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია ლელო-ს ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ნაციონალური მოძრაობის ოფისთან განუცხადა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საქართველო რუსეთის გუბერნია აღარ გახდეს.

"გავიხედოთ მომავალში, არჩევანი არის ძალიან მკაფიო - ან ჩვენ გავხდებით რუსეთის იმპერიის ნაწილი და არა 20%, არამედ ყველაფერი იქნება ოკუპირებული ისე, რომ ვერც გავიგებთ, ან ჩვენ გავხდებით ცივილური დასავლური, ნორმალური, სამართლიანი სამყაროს ნაწილი. დღევანდელი აქტით, სადაც მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი გამოიყვანეს ძალისმიერი მეთოდით, როცა მთელი ოპოზიციური სპექტრი ბოლო თვეების განმავლობაში ითხოვს იმას, რომ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები ან პლებისციტი, რომ ხალხმა თქვას, რომ ეს გაყალბებული არჩევნები უნდა დამთავრდეს... ვერანაირ დემოკრატიას, სასამართლოს ვერ ავაშენებთ, თუ არჩევნები, ადამიანის უფლება, მისი ხმის და უფლების გამოხატვა იქნება ხელყოფილი. ამიტომ ვდგავართ ამ ბოიკოტში", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა, მათ ნიკა მელია ძალის გამოყენებით დააკავეს. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა. 


close დახურვა