logo
ENG



ხაზარაძე: ივანიშვილი ერთ-ერთი ყველაზე ცბიერი ადამიანია ვინც შემხვედრია

14 ნოე 201920:46
3 წუთის საკითხავი
 
h1wdbmkksditi1m.jpg

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს შეუცვალა მიმართულება ჩრდილოეთისკენ.

ხაზარაძის თქმით, ივანიშვილი ერთ-ერთი ყველაზე ცბიერი ადამიანია ვისაც ის შეხვედრია.

„20 ივნისი იყო ის დღე, როდესაც ახალგაზრდებმა თავისი გამბედაობით, თავისი თავისუფლებისადმი მისწრაფებით გაგვახსენებს, რომ ეს სამშობლო არ შეიძლება იყოს იმ მდგომარეობაში, როდესაც გარეშე მტერი ჩამოდის აქ და მმართველი პარტიის ხელშეწყობით ჩვენი დამპყრობლის წარმომადგენელი სპიკერის სკამში ჯდება. სწორედ ის დღე იყო, როდესაც ქართველმა ახალგაზრდებმა და არა მარტო მათ დაგვანახეს, რომ თურმე სიყალბესა და ტყუილში ვცხოვრობთ. სწორედ აქ დაღვრილი სისხლის გამო საქართველოს გადმოუგდეს პროპორციული არჩევნების შესაძლებლობა. თუმცა, აქ დამრბევი მთავარი მოქმედი პირი დღეს პრემიერია. მე დღეს აქ მოვედი მაშინაც და დღესაც, რათა პირველ რიგში, ამ ახალგაზრდებს დავუდგე გვერდით, იმ ახალგაზრდებს, რომელთაც გამოგვაფხიზლეს. ივანიშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე მატყუარა და ცბიერი ადამიანია ვინც შემხვედრია. დღეს ივანიშვილმა სპექტაკლი ჩაგვიტარა და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს შეუცვალა მიმართულება ჩრდილოეთისკენ. ქაოსი აწყობს "ოცნებას,"" - განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ დაპირება არ შეასრულა და ჩააგდო კანონპროექტი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. ამ წუთებში პარლამენტის წინ საზოგადოების ნაწილი მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს. ამავე დროს „ლეიბორისტული" პარტიის ოფისში გამართულ შეხვედრაზე ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნაზე შეჯერდა


close დახურვა