ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მის საქმეზე სასამართლო სხდომების ინტენსიური ჩანიშვნა წინასაარჩევნო კამპანიაში ხელშეშლას ემსახურება. ეს განცხადება მან საქალაქო სასამართლოში, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის სხდომის შემდეგ გააკეთა. 2019 წელს აღძრულ საქმეზე სხდომები ივლისიდან განახლდა.
"პროკურატურა დიდი ხანია ჩიხშია შესული. არამხოლოდ ამ საქმეში, არამედ, ზოგადად, მთლიანად. ისინი არ ემსახურებიან კანონს. ისინი ემსახურებიან ერთ ადამიანს. ბუნებრივია, ეს ინტენსიური ჩანიშვნა წინასაარჩევნოდ ემსახურება იმას, რომ რამენაირად ხელი შეგვიშალონ წინასაარჩევნო კამპანიაში, მაგრამ არ გამოუვათ, ჩვენ საზოგადოებას ვაჩვენეთ, რომ არც ამ უსამართლო სასამართლოს დავემალეთ, არც მოთმინებას უღალატია ჩვენთვის. ჩვენ გავაგრძელებთ იმას, რომ მთლიანი ლუსტრაცია გავაკეთოთ იმ მახინჯი სისტემის, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ამ ქვეყანაში შექმნა", - თქვა მან.
მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო სხდომები სექტემბრის თვეში ინტენსიურად არის ჩანიშნული.
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ფულის გათეთრების მუხლით გამოძიება 2019 წლის იანვარში დაიწყო. პროკურატურა მათ 17 მილიონი დოლარის მოცულობის სესხზე ედავება, რომელიც თიბისი ბანკიდან ავთანდილ წერეთელმა 2007 წელს აიღო.
ავთანდილ წერეთელს ბრალი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შემდეგ, 2019 წლის 22 აგვისტოს წარუდგინეს. მთავარი პროკურატურა მას თიბისი ბანკის დამფუძნებლებისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, "რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება".