logo
ENG



ხანგრძლივი ლოდინი და 19:00 საათამდე მუშაობა - როგორ მუშაობს ბაშვის დახმარების ცხელი ხაზი

25 აგვ 202016:14
3 წუთის საკითხავი
clock 1454
tglaxj9y4lr0q59.jpg

თერჯოლაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, სადაც მამა 11 წლის შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დააკავეს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ საზოგადოებას, მათ შორის, ბავშვებს, მოუწოდა, დარეკონ 111-ზე და შეატყობინონ მსგავსი შემთხვევები საკუთარი თავის, ან გარშემომყოფების შესახებ.

111 ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზია, რომელიც, სოფიო კილაძის თქმით, მაისიდან ამოქმედდა.

"ფორმულა" დაინტერესდა, როგორ მუშაობს ხსენებული ცხელი ხაზი. 111-ზე დარეკვიდან დაახლოებით 17 წუთში გვიპასუხეს. ლოდინის ხანგრძლივობა ოპერატორმა ხაზის "გადატვირთვით" აგვიხსნა. ოპერატორისვე თქმით, ისინი 10:00-დან 19:00 საათამდე მუშაობენ. 

იმის დასადგენად, თუ ვის უნდა მიმართოს მოქალაქემ 19:00 საათის შემდეგ, ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში, ვცადეთ სოფო კილაძესთან დაკავშირება, ის ჩვენს ზარებს არ პასუხობს. 

გარდა ამისა, "ფორმულა" დაუკავშირდა ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზსაც (1505), სადაც 16 წუთის შემდეგ გვიპასუხეს. სამინისტროს ცხელ ხაზზე განგვიცხადეს, რომ ოპერატორები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, ზარი კი ზოგიერთი აბონენტისთვის ფასიანია.

ხსენებული ცხელი ხაზების გარდა, როგორც ძალადობის მსხვერპლს, ასევე ძალადობის შემსწრეს, ნებისმიერ დროს შეუძლია, დარეკოს 112-ზე.


close დახურვა