ქალაქ ვენტურას მოსახლეობა ტოვებს. კალიფორნიის გუბერნატორმა ევაკუაციის განკარგულება მას შემდეგ გასცა, რაც რეგიონში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა და დასახლებას მიახლოვდა. ვენტურის დატოვება 8 ათას ადგილობრივს მოუწევს.
„მთელი ღამე ვუყურებდი, როგორ იწვოდა ჩემი ფერმა. იქ ჩემი სახლი იყო. უძლური ვიყავი, ვერაფერი გადავარჩინე. ცხენები და ცხვრები მყავდ. რომ არ დახოცილიყვნენ, კარი გავაღე და გაიქცნენ“, - განაცხადა დაზარალებულმა ხუან ორტეგამ.
სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაცია არ წყდება, სამაშველო ჯგუფები ავიაციის დახმარებით ცეცხლის ლოკალიზებას უკვე 24 საათია, უშედეგოდ ცდილობენ. ხანძარმა გაანადგურა ავოკადოს და ციტრუსის პლანტაციები, მწყობრიდან გამოვიდა საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაც, რაც მაშველებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ მოსახლეობის გაფრთხილებას ურთულებს.
ვენტურის სახანძრო სამსახურის ხელმზღვანელი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, მისი თქმით, მდგომარეობა ძალიან რთულია.
„ძალიან რთული მდგომარეობაა. ინფრასტრუქტურა მწყობრიდან გამოვიდა. გთხოვთ იყავით ყურადღებით, თვალი მიადევნეთ ჩვენს შეტყობინებებს რადიოსა და სოციალურ ქსელებში. ნებისმიერი გეგმისთვის მზად იყავით“, - განაცხადა მარკ ლორენსმა.
ტყის ხანძარს კალიფორნიის სამხრეთ რეგიონში უკვე მესამე კვირაა, ვერ აქრობენ. ძლიერი ქარის გამო ცეცხლი სწრაფად ვრცელდება და ეროვნულ პარკებს, პლანტაციებს და ქალაქებს ანადგურებს. ზარალმა უკვე რამდენიმე მილიარდს გადააჭარბა. მეტეოროლოგები ამბობენ, რომ უახლოეს დღეებში ქარი ძალას დაკარგავს და მიმართულებას შეიცვლის, თუმცა მდგომარეობის გაუმჯობესებას ვერ პროგნოზირებენ.