logo
ENG



ხელისუფლებას ევროპულ სასამართლოსთან მოუწევს თავის მართლება - იურისტი მაჩალიკაშვილის საქმეზე

05 ნოე 201917:18
3 წუთის საკითხავი
 
3brco41mcry9aww.jpg

იურისტი თამთა მიქელაძე, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე, გამოძიების შეწყვეტის რისკებს ხედავს, თუმცა აცხადებს, რომ შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებას ევროპულ სასამართლოსთან მოუწევს თავის მართლება.

გამოძიების შესაძლო შეწყვეტაზე ინფორმაცია, დღეს სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა.

„პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების და ხელისუფლების პოზიციონირების გათვალისწინებით, ვაცნობიერებთ იმ რისკებს, რომელიც შეიძლება შეწყვეტას უკავშირდებოდეს. რა თქმა უნდა ეს იქნება არაღიარება იმ უფლების მძიმე დარღვევის, რომელიც ამ საქმეში ჩანს. ამავდროულად ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ ეს საქმე უკვე ევროპული სასამართლოს ზედამხედველობის ქვეშაა მოქცეული და შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს მთავრობას უკვე ევროპულ სასამართლოსთან მოუწევს თავის მართლება. განცხადებები, რომელიც კეთდებოდა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, ყოველთვის მიმართული იყო იმისკენ, რომ უფლების და კანონის დარღვევის ფაქტი არ ეღიარებინათ. ამიტომ გარკვეული შიშები და მოლოდინები, არსებობს,“ - აცხადებს თამთა მიქელაძე.

"ფორმულამ" ინფორმაცია პროკურატურაში გადაამოწმა, სადაც გამოძიების შესაძლო შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. უწყება მხოლოდ მოკლე განმარტებით შემოიფარგლა, სადაც აღნიშნულია, რომ მაჩალიკაშვილის საქმეზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

"ბრალეულობა თუ არ გამოიკვეთა, რა გამოდის? ესე იგი სპეცრაზმის მიერ ვერ გამოიკვეთა ბრალეულობა, ამას იძახიან? ე.ი. არც მოუკლიათ ამათ, დანაშაული არ ჩაუდენიათ, ასე გამოდის. დახურონ, ვნახოთ მაგას რა მოჰყვება,"-აცხადებს "ფორმულასთან" საუბრისას მალხაზ მაჩალიკაშვილი.

მალხაზ მაჩალიკაშვილს მიაჩნია, რომ საქმის გამოძიების ერთადერთი ბერკეტი, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაა.

 


close დახურვა