logo
ENG



ხელისუფლება TBC ბანკის საქმეს პოლიტიკურ ბერკეტად იყენებს-კოჟორიძე

14 მაი 202012:59
3 წუთის საკითხავი
 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელის ეკა გიგაურის განცხადებით, არ არსებობს რაიმე საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ ან ავთანდილ წერეთელმა, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, ფულის გათეთრების დანაშაული ჩაიდინეს.

შესაბამისი დასკვნა ორგანიზაციამ დღეს გამოაქვეყნა. გიგაურის თქმით, პროკურატურამ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უფლებამოსილებას გადაამეტა. 

"დასკვნაში ცალსახად არის ნათქვამი, რომ ჩვენ საქმე არ გვაქვს ფულის გათეთრებასთან და იმ შემთხვევაშიც თუკი სასამართლო დაადგენს იმას, რა ფაქტებზეც საუბრობდა პროკურატურა, ეს მაინც არ იქნება ფულის გათეთრება. პროკურატურის კვალიფიკაცია ამ საქმესთან დაკავშირებით არასწორია და უწყება თავის უფლებამოსილებას ბოროტად იყენებს. სასამართლოს აქვს უფლება რომ დღესვე შეწყვიტოს ეს საქმე. ამ საქმეს ხანდაზმულობა გასული აქვს", - ამბობს გიგაური. 

TI-ის მეირ გამოქვეყნებულ დასკვნას გამოეხმაურა "ლელოს საქართველოსთვის" წევრი კახა კოჟორიძე. კოჟორიძის განმარტებით, ყველა პირი, რომელსაც ჰქონდა საქმის განხილვასთან შეხება, ერთხმად აცხადებს, რომ ფულის გათეთრების ფაქტი არ მომხდარა. 

"ასეთი ანალოგი უბრალოდ არ არსებობს, რომ პროკურატურის მოწმეები, რომლებმაც უნდა დაადასტურონ დანაშაულის ჩადენა, პირიქით ამბობენ, რომ დანაშაული არ არის. ყველა ვინც ამ საქმეში ჩაიხედა, როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის გარეთ, არაორაზროვნად ამბობს, რომ საქმეში დანაშაულის ნიშნები არ არსებობს. ხელისუფლება ამ საქმის ბერკეტად გამოყენებას ცდილობს, პოლიტიკურად თუ დასჭირდათ გააცოცხლებენ, მაგალითად არჩევნებამდე 1 თვით ადრე", - განაცხადა კოჟორიძემ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმეზე“ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტს იძიებს. საუბარია 17 მილიონ დოლარზე. 


close დახურვა