რეგიონის უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანიის Caucasus Online-ის მნიშვნელოვანი წილი აზერბაიჯანის მოქალაქე ნასიბ ჰასანოვის ხელში გადავიდა. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ კომპანიაში საკუთარი 49%-იანი წილი ხვიჩა მაქაცარიამ გაასხვისა. ამჯერად კომპანიის საბოლოო მფლობელები ხვიჩა მაქაცარია (51%) და ნასიბ ჰასანოვი (49%) არიან.
კომპანიის წილების გასხვისებაზე ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გავრცელდა. კერძოდ, მარეგულირებელ კომისიაში ამბობდნენ, რომ ტრანზაქცია უკანონო იყო, თუმცა არც კომისია და არც კომპანია არ ასაჯაროვებდა თუ ვისზე გასხვისდა სატელეკომუნიკაციო კომპანიის წილები.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანიას ოფშორში, კერძოდ ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული მფლობელები ჰყავს. ფაქტი, რომ კავკასუს ონლაინის საბოლო მფლობელი შეიცვალა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისთვის ცნობილი 23 აგვისტოს გახდა. კანონით კომპანიას 5%-ზე მეტი წილის გასხვისების შემთხვევაში ნებართვა მარეგულირებლისგან უნდა მიეღო თუმცა ეს წესი არ შესრულდა რის შემდეგად კომისიასა და კავკასუს ონლაინს შორის წერილობითი გაფრთხილებების, დაჯარიმებების და ავტორიზაციის შეჩერების მუქარის რამდენიმე თვიანი პერიოდი იწყება.
„კავკასუს ონლაინმა უნდა უზრუნველყოს სამართალდარღვევის აღმოფხვრა. კერძოდ, წილის პირდაპირ ან არაპირდაპირ 100%-ის მფლობელ კომპანიაში „ნელგადო ლიმითედში“ ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 49%-ის ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის აღდგენის უზრუნველყოფა. ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონის დარღვევისთვის კომპანიას დაეკისროს 270 000 ლარის ჯარიმა“ - ვკითხულობთ კომისიის 12 მარტით დათარიღებულ გადაწყვეტილებაში, რომელიც "კორონომიქსმა" მოიპოვა.
ამავე სხდომაზე კავკასუს ონლაინის წარმომადგენელი განმარტავდა, რომ არ ჰქონდათ რაიმე სახის მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით დგავდნენ თუ არა რაიმე ნაბიჯს კომპანიის ბენეფიციარი მესაკუთრეები კომისიის რამდენიმეთვიანი მოთხოვნის შესასრულებლად, - კერძოდ წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებასთან დაკავშირებით. ჩანაწერში ვკითხულობთ რომ კორონავირუსის გავრცელების გამო, ვირჯინიის კუნძულებზე კომუნიკაცია გართულებულია. კომისიამ კავკასუსის არგუმენტები არ გაითვალისწინა და კომპანიას მაქსიმალური მოცულობის ჯარიმა დააკისრა.
ნასიბ ჰასანოვის სახელს საქართველოში არცერთი ბიზნესი არ უკავშირდება. საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციით კი ამ სახელსა და გვარს კომპანია Neqsol Holding-მდე მივყავართ, რომელიც აზერბაიჯანული უმსხვილესი ჰოლდინგია ნავთობის, გაზისა და რაც მთავარია სატელეკომუნიკაციო სფეროში. კომპანიის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ რომ ჰასანოვი ამ ჰოლდინგის 100%-ის მფლობელია. გასული წლის ბოლოს კომპანიის მფლობელობაში გადავიდა უკრაინული "Vodafone-ი“.