logo
ENG



ხვიჩია: ბევრი შეცდომა დავუშვით, პორშეს გათამაშებაც შეცდომა იყო

03 ოქტ 202123:09
3 წუთის საკითხავი
 
ხვიჩია: ბევრი შეცდომა დავუშვით, პორშეს გათამაშებაც შეცდომა იყო
ვახო ქარელი/ფორმულა

გირჩის ლიდერი, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ბევრი შეცდომა დაუშვეს, რამაც არჩევნების შედეგებზე გავლენა იქონია. როგორც მან რუსთავი 2-ის ეთერში თქვა, შეცდომა იყო პორშეს მარკის მანქანის გათამაშებაც.

"მე მგონი ბევრი შეცდომა დავუშვით და უნდა გადავიაზროთ სხვანაირად მთელი პროცესი, რასაც ვაკეთებდით. ვფიქრობ, რომ ეს წარუმატებლობა შანსია იმისა, რომ ყველაფერი დავაყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ, რასაც ვაკეთებდით და ახალი განწყობით დავიწყოთ ახალი პროექტი", - თქვა ხვიჩიამ

მისივე თქმით, პარტიის გაყოფა ამომრჩეველმა შეცდომად აღიქვა, რაც მხარდაჭერის ნაკლებობაშიც გამოიხატა. ხვიჩიას მოსაზრებით, ისინი "მედია მეინსტრიმს ზედმეტად აყვნენ" და ზედმეტად დაინტერესდნენ იმ თემებით, რომელიც ქვეყანაში ხდებოდა "მედიის აზრით":

"ამით კი, რეალობას ავცდით".

კითხვაზე, იყო თუ არა პორშეს გათამაშება შეცდომა, ხვიჩია დადებითად პასუხობს:

"პორშეს გათამაშებაც შეცდომა იყო და ზოგადად ეს არასწორი დაპირება იყო, მაგრამ ჩვენ ეს დაპირება გადაჭარბებით უნდა შეგვესრულებინა და შევასრულეთ. ჩვენ არ ვართ ლატარია და ამ ფაქტმა სხვა ადამიანების უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, სავარაუდოდ".

28 სექტემბერს გირჩმა პორშე გაათამაშა. 

საპარლამენტო არჩევნების წინ გირჩმა განაცხადა, რომ უარს ამბობდა საბიუჯეტო დაფინანსებაზე, მიღებული თანხით კი მანქანას გაათამაშებდა.

გათამაშებაში მონაწილეობა შეეძლო ყველა პირს, ვინც გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე მივიდა, შემდეგ კი საარჩევნო უბანთან სელფი გადაიღო და Facebook-ზე ან Instagram-ზე ატვირთა. ამასთან, მნიშვნელობა არ ჰქონდა გათამაშებაში მონაწილე, რომელი პარტიის ამომრჩეველი იყო.

გათამაშებაში ჩართვა თვითმმართველობის არჩევნების დროსაც იყო შესაძლებელი. 


close დახურვა