იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ პარტია გირჩს პარლამენტში შეაქვს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც „ბირჟა მაფიას" საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება სხვა, წარსულის საქმეებზეც გავრცელდება.
ხვიჩიას თქმით, მას შემდეგ, რაც „ბირჟა მაფიას" საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა, სასამართლომ დაადგინა მტკიცებულების ის სტანდარტი, რაც საფუძვლად უნდა დაედოს სარჩელის შეფარდებას.
პარტიის წევრის თქმით, საკონსტიტუციო გადაწყვეტილებით ჩხრეკისა და ამოღებისას საჭიროა პოლიციის თანამშრომელს სამხრე კამერა ჰქონდეს ჩართული ან არსებობდეს ნეიტრალური მოწმე, რომელიც დაადასტურებს ნარკოტიკული ნივთიერებების ამოღების ფაქტს.
ხვიჩიას თქმით, "ბირჟა მაფიას" საქმეზე ჩადების ფაქტი დადასტურდა და ბევრი სხვა ადამიანია, ვინც ისეთი მტკიცებულებების საფუძველზე ზის ციხეში, სადაც არც ვიდეო ჩანაწერი და არც ნეიტრალური მოწმე არ ადასტურებს ფაქტს.
„საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ არ შეიძლება მტკიცებულებად ჩაითვალოს ისეთი ამოღება, ისეთი ჩხრეკა, სადაც ინფორმაცია მოწოდებულია კონფიდენტის საუბრის საფუძველზე და ამ ამოღებას და ჩხრეკას ესწრება მხოლოდ პოლიციის თანამშრომელი და პოლიციამ არ მიიღო სხვა არცერთი ზომა იმისთვის, რომ მტკიცებულება ყოფილიყო სხვანაირად გამყარებული“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
გირჩის წევრის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება 2020 წლის 25 დეკემბერს შევიდა ძალაში და წესით, ის ადამიანებიც უნდა გათავისუფლებულიყვნენ ციხიდან, ვისაც იდენტური მტკიცებულებების საფუძველზე წაუყენეს ბრალი. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლომ იმგვარი განმარტება გააკეთა, რომ ეს გადაწყვეტილება გავრცელებულიყო მხოლოდ მისი ძალაში შესვლის შემდგომ წარმოქმნილ საქმეებზე.
„გადაწყვეტილება მიღებულია 2020 წლის 25 დეკემბერს და ძალაში შევიდა 2021 წლის 22 ივნისს. ამის შემდეგ ის ხალხი ვინც იდენტური მტკიცებულებებით სხედან ციხეში უნდა გათავისუფლებულიყვნენ, მაგრამ ეს რომ არ მომხდარიყო, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემამ, განსაკუთრებით საერთო სასამართლოებმა, საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება განმარტეს ისე, რომ ციხეში რომ მჯდარიყო საკონსტიტუციო სარჩელის ავტორები ისინი დღესაც ციხეში ისხდებოდნენ და ამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მათ მოიგეს, ციხიდან ვერ გამოვიდოდნენ“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ხვიჩია აცხადებს, რომ გირჩს პარლამენტში შეაქვს კანონპროექტი, რომელიც ამ საკონსტიტუციო გადაწყვეტილებას სრულყოფილად აღასრულებს. მისი თქმით, წარდგენილი კანონპროექტის ფარგლებში შესაძლებელი გახდება არსებული საქმეების გადასინჯვა და მსგავსი მტკიცებულებების საფუძველზე დაპატიმრებული ადამიანები ციხიდან გათავისუფლდებიან.
„კანონპროექტის მიღების შემდეგ, ციხიდან უნდა გამოვიდნენ ის ადამიანები, ვინც ციხეში სხედან კონფიდენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სადაც ჩხრეკასა და ამოღებაში მონაწილეობდნენ მხოლოდ პოლიციელები და არ არსებობს არც ვიდეოკამერა და არც სხვა ტიპის ჩანაწერი. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ასეთი შემთხვევები ბევრია და სისტემას არ უნდა ამ გადაწყვეტილების ამოქმედება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.