"გირჩის" თავმჯდომარემ, ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის ხელმძღვანელის განცხადებები შეაფასა. მისი თქმით, უცხოელი პარტნიორები, საქართველოს უკვე ავტორიტარული რეჟიმების მქონე ქვეყნებს ადარებენ. ხვიჩია აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორები, საქართველოს ხელისუფლების ქმედებებით გაკვირვებულები არიან. გირჩის ხელმძღვანელმა, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებითაც ისაუბრა. ისინი, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, საბჭოთა რეჟიმის დროს სახელმწიფო საკუთრებაში გადასული ქონების პროვატიზაციას და სასამართლოს რეფორმირებას აპირებენ.
„ტრავოლტას გიფი რომ არის ხომ იცით, აი ზუსტად მასეთი იყო ეს შეფასება. გაკვირვებულები არიან ეს სად მოვხვდითო. ჩვენ სხვა ქვეყანა გვეგონაო და თურმე ყოფილა რუსეთს და ჩინეთს შორის რაღაცაო. უახლოეს მომავალში ვაპირებ იმას, რომ ჩვენს ამომრჩეველს ავუხსნა რატომ ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ და ჩემი აზრით რა უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი წავა ხელისუფლებიდან. ამომრჩეველს ვთავაზობ ივანიშვილის ყველაზე პუტინისტური ნაბიჯის სანაცვლოდ, ორ ყველაზე არაპუტინისტურ ნაბიჯს ამ ქვეყნისთვის. ერთი არის საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემის დანგრევა (პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო), ხოლო მეორე - საკუთრების რეფორმა იმ საკუთრების, რომელიც თავის დროზე ბოლშევიკებმა წაართვეს ქართველ ხალხს“, - განაცხადა ხვიჩიამ „ფორმულასთან“ საუბარში.
შეგახსენებთ, დენიელ ტვაინინგმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მთავრობა ამერიკულ NGO-ებს თავს რუსეთში ან ჩინეთში ესხმის. ტვაინინგის ეს განცხადება მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ NDI-ისა და IRI-ის მიერ ჩატარებულ კვლევებზე გაკეთებული განცხადების პასუხია. ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციები საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო ინტერესებს აზარალებენ.