logo
ENG



ხმაური ვარკეთილის ბაზრობაზე - ხანძრისგან დაზარალებულები აქციას გეგმავენ

17 ივნ 202012:31
3 წუთის საკითხავი
clock 256

ამ დრომდე უცნობია, რამ გამოიწვია 2 დღის წინ ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძრის გაჩენა. ბაზრობაზე დილიდან ხმაური იყო. მოვაჭრეები ადგილზე მერის მოსვლას და გადარჩენილი პროდუქციის ნახვის მიზნით, შიდა ტერიტორიაზე შესვლას ითხოვენ. დაზარალებულებს არ მოსწონთ ბაზრობის ადმინისტრაციის შეთავაზება, რომ თუ წარმოადგენენ საბუთებს, ერთ კვადრატულ მეტრზე მიიღებენ ხუთასლარიან დახმარებას. მოვაჭრეების თქმით, ეს თანხები ვერ დაფარავს იმ ფინანსურ ვალდებულებებს.

"500 ლარით ჟალუზი ვიყიდო თუ  საქონელი წამოვიღო? საბუთები ჩვენ არავის გვაქვს. 99 პროცენტს არ აქვს საბუთი", - აცხადებს ერთერთი მოვაჭრე.   

მოვაჭრეები თბილისის მერთან შეხვედრას მოითხოვენ. ადგილზე იმყოფებოდა ვარკეთილის გამგებელიც, რომელმაც მოუწოდა მოვაჭრეებს, შექმნან ათკაციანი საინიციატივო ჯგუფი და შეხვდებიან ქალაქის ვიცემერს. 

დღეს ასევე განცხადება გააკეთა ბაზრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელმაც. მან დაადასტურა ერთ კვადრატულ მეტრზე ხუთასი ლარის შეთავაზებაც.

"დაზღვევა არის.  ეს არის მესამე პირების დაზღვევა. მათ უნაზღაურდებათ საქონელი, მაგრამ ყველა საქონელს უნდა ჰქონდეს შესყიდვის საბუთი. იმ ადამიანებს, რომელთაც ეს საბუთი არ გააჩნიათ, კვადრატულ მეტრზე მიეცემათ ხუთასი ლარი. მიმდინარეობს სასამართლო პროცესი. ბაზრობას ჰყავდა მეწილე, ქალბატონი მსხვილიძე. 2017 წლის 10 მაისს მან გაყიდა წილი 200 ათას დოლარად ქალბატონ ხერგიანზე. შედგომ ამისა, ეს თანხა ჩარიცხული იქნა მასთან. 2018 წლის იანვრიდან დაიწყო მან დავა, თითქოს მასზე ზეწოლა იყო და იძულებლი იყო გაეყიდა ეს წილი", - განაცხადა ვარკეთილის ბაზრობის დირექტორმა.  

მოვაჭრეები მთავრობას ერთდღიან ვადას აძლევენ და მოითხოვენ დღის ბოლომდე კონკრეტული ინიციატივა იყოს შეთავაზებული. ასევე მსგავსი მოთხოვნა არის ბაზრის ადმინისტრაციისადმი. ისინი აპირებენ სამართლებრივ დავას და არ გამორიცხავენ მერიასთან აქციის გამართვასაც.


close დახურვა