logo
ENG



ხმაური საკრებულოს სხდომაზე - ხაბეიშვილი გიორგი ტყემალაძეს დაუპირისპირდა

22 ნოე 201915:40
3 წუთის საკითხავი
 
ncbpcgfkxd3b6cs.png

თბილისის საკრებულოში, სადაც სხდომა მიმდინარეობს, ხმაურია. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა სხდომათა დარბაზს ბოქლომი დაადო. მოგვიანებით, დეპუტატის მიერ დადებული ბოქლომი მოხსნეს. გარდა ამისა, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ხაბეიშვილსა და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძეს შორის. დაპირისპირება ხაბეიშვილის განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც, საკრებულოში გარკვეული ადამიანები არ შემოუშვეს. 

"ჩვენი ფრაქციის თავმჯდომარე დაჭერილია. ამ დროს სია გავაგზავნე მოქალაქეებთან შეხვედრისთვის. არ შემოუშვეს. თურმე ორგანიზებულად უნდა შემოშვებულიყვნენ. პირდაპირ ეთერში იტყუებოდა საკრებულოს თავმჯდომარე. როგორ ეშინიათ ამათ მოქალაქეების, გამომყევით და ნახავთ დადიანის ქუჩაზე. ფეხებზე გკიდიათ, მხოლოდ იცინით," - მიმართა ხაბეიშვილმა ტყემალაძეს. 

ხაბეიშვილის ამ ბრალდებას გამოეხმაურა საკრებულოს თავმჯდომარე. მან დეპუტატის მიერ გაკეთებულ განცხადებას შოუ უწოდა. 

"ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ თითქოს გარკვეული ადამიანების ჯგუფს შენობაში შემოსვლის საშუალება არ ეძლევა. ნამდვილად მივიღეთ ხაბეიშვილის წერილი, სადაც ის ითხოვდა, რომ სამუშაო შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი და 25 ადამიანის შემოყვანა უნდოდა. იცით რომ საშვი მხოლოდ 5 კაცზე უნდა გაიცეს. გამოვყავით სამუშაო ოთახი, რომ მათ ამგვარი შეხვედრისთვის ხელი არ შეშლოდათ. არც ერთი ადამიანი იმ სამუშაო ოთახში არ იმყოფება. ეს იყო შოუს დადგმის მცდელობა," - განაცხადა ტყემალაძემ. 

სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ დეპუტატმა სხდომათა დარბაზი დატოვა. 

 

 

 

 


close დახურვა