logo
ENG



ხოშტარია:ადამიანებს არ უნდა უწევდეთ ქვებში და გინებაში გავლა, იმისთვის რომ ფილმს უყურონ

08 ნოე 201921:33
3 წუთის საკითხავი
 
8ac8i4dvl11f0g5.png

"ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია გადაცემა "პოლიტიკის ფორმულაში" ფილმის, "და ჩვენ ვიცეკვეთ" გარშემო განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. ხოშტარია აცხადებს, რომ ის პრემიერას დაესწრო და ფილმით კმაყოფილია. ამასთან, დეპუტატის თქმით, მიუღებელია ის რაც კინოთეატრების მიმდებარე ტერიტორიებზე ხდება და შექმნილ ვითარებაში ხელისუფლებას ადანაშაულებს. 

"დავესწარი ჩვენებას და ძალიან კმაყოფილი ვარ. სამწუხაროდ, ამ ფილმის ყურება ბევრად უფრო დიდ რაღაცაში გადაიზარდა, ვიდრე ჩვეულებრივი ფილმის ყურება. კარგი ხარისხის ფილმია, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში, იმის მაგივრად, რომ ვისაუბროთ რა მოგვეწონა, მსახიობებმა როგორ ითამაშეს და ასე შემდეგ, გვიწევს საუბარი იმაზე, როგორ შევაღწიეთ კინოთეატრში და როგორ გამოვედით სეანსიდან. დღევანდელი ჩვენება იყო კრახი. იმიტომ, რომ ადამიანებს არ უნდა უწევდეთ ქვებში და გინებაში გავლა, იმისთვის რომ უყურონ ფილმს. რაც მთავარია ეს არის მკაფიოდ შექმნილი ვითარება ხელისუფლების მხრიდან. ისინი ახალისებენ ძალადობას, თავისი განცხადებებით. ხელისუფლება მათ იყენებს და ახალისებს," - განაცხადა ხოშტარიამ.

კითხვაზე - ხომ არ უნახავს ფილმის პრემიერაზე, ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი, ხოშტარიამ განაცხადა, რომ არა. 

"არ დამინახავს არავინ. თუ მათ სურდათ სიტუაციის განმუხტვა, შეეძლოთ ხელი ჩაეკიდათ ერთმანეთისთვის და მოსულიყვნენ აქ," - განაცხადა ხოშტარიამ. 

შეგახსენებთ, რომ ფილმის ჩვენების პარალელურად, კინოთეატრების მიმდებარე ტერიტორიებთან ვითარება დაძაბულია. რადიკალები ცდილობენ შენობაში შეღწევას და ფილმის ჩვენების ჩაშლას. ძალადობრივი ჯგუფების მიერ გამართულ აქციაზე რამდენჯერმე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა კინოთეატრის მიმართულებით ასაფეთქებელი მოწყობილობები ისროლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარის გამო, 11 ადამიანი დააკავა.


close დახურვა