მოძრაობა დროას დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ხვალ, 21 მარტს, რესპუბლიკის მოედნიდან ხურვალეთში, დათა ვანიშვილის დაკრძალვაზე ჩავლენ.
"ხვალ, კვირას, 11.30 რესპუბლიკის მოედანზე ველოსიპედთან ვიკრიბებით და მივდივართ ხურვალეთში დათა პაპას გასვენებაში". - დაწერა მან ფეისბუქზე.
საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები დათა ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა.
მანამდე ის რამდენიმე თვის განმავლობაში ლოგინად იყო ჩავარდნილი.
ვანიშვილი მავთულხლართების გავლების შემდეგ საცხოვრებელ სახლს არ ტოვებდა და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩენილ პირებთან სწორედ მავთულხლართის მიღმა უწევდა ურთიერთობა.
გახლეჩილია დათა ვანიშვილის ოჯახი.
მისმა შვილიშვილმა, მალხაზ ვანიშვილმა, რომელიც ოკუპაციამ ორსულ ცოლს დააშორა, რამდენიმე თვის წინ თვითმკვლელობაც სცადა.
რამდენიმე თვიტ ადრე მალხაზ ვანიშვილმა ცოლთან, თათია ადიკაშვილთან ერთად ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს ცხოვრების უფლება სთხოვა. ისინი რამდენიმე დღით კარანტინში მოათავსეს. მოგვიანებით დე ფაქტო მთავრობამ ვანიშვილს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრების უფლება მისცა, მისი 8 თვის ორსული ცოლი კი გამოაძევა.
მალხაზ ვანიშვილს და მის ცოლს, თათია ადიკაშვილს მძიმე სოციალურ პირობებში უწევთ ცხოვრება.