logo
ENG



ხოშტარია: ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებლებს აიძულებენ, ომში რუსეთის მხარეს ჩაერთონ

29 მარ 202212:56
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ფორმულა/ვახო ქარელი

დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს უკრაინაში, ომში მონაწილეობას აიძულებენ. 

ხოშტარიას თქმით, ეს კატეგორიულად მიუღებელია. 

"ჩვენ ვნახეთ კადრები ტექნიკის გაყვანაზე და მოდის ინფორმაცია, რომ ადამიანები გაჰყავთ. ასევე, არის შიში იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება, მოხდეს ჩვენი მოქალაქეების სავალდებულო გაყვანა საოკუპაციო რეჟიმების მიერ, ამ ბოროტმოქმედებაში ჩართვის მიზნით. 

ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, როგორც საერთაშორისო სამართლის, ასევე ჩვენი სახელმწიფოს და ადამიანურ დონეზე". - თქვა ელენე ხოშტარიამ. 

მან ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს მიმართა: 

"არ აქვს მნიშვნელობა, რა ურთიერთობა გვაქვს ახლა, საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ გვემეტება არც საზარბაზნე ხორცად და არც ამ ბოროტმოქმედებაში მონაწილეობისთვის. ეს ბოროტმოქმედება რუსეთისთვის ძალიან მძიმედ და სამართლიანად დასრულდება.

ეს უდიდეს დაღს დაასვამს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ამაში მონაწილეობას მიიღებს. ჩვენი მომავალი უნდა იყოს პირიქით, ერთად კეთილდღეობაში ყოფნის და არა ამ ბოროტებაში თანამონაწილეობის.

ამიტომ, მივმართავ აბსოლუტურად ყველა მშობელს და ყველა ადამიანს, დაფიქრდით, თუ რა დაღს დაგასვამთ ამ ბოროტებაში თანამონაწილეობა. მე დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრს ეს არ უნდა და მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე - საქართველოში მათი უფლებები დაცული იქნება". - თქვა ელენე ხოშტარიამ. 

დროას ლიდერმა ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულეებსაც - ქართული ოცნება ამბობს, რომ გმობს ომს, თუმცა, ხმას არ იღებს ომში საქართველოს მოქალაქეების ძალადობრივად ჩართვაზე. 

"რაც შეეხება საერთაშორისო სამართლებრივ განზომილებას და აქ, რა თქმა უნდა, პირველი ვალდებულება არის სახელმწიფოს მოქმედება და გამაოგნებელია, რომ ჩვენი სახელმწიფო, რომელიც თითქოსდა ომს გმობს, ამის პარალელურად, ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ მსგავსი დამოკიდებულების და ომში ძალადობრივი ჩართვის მცდელობებზე ხმას არ იღებს.

ეს არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3, მე-4 და მე-5 მუხლების დარღვევა. ამიტომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული, მათ შორის, საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმი, რომ გარდა პროტესტისა, გარდა იმისა, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩვენს ტერიტორიებზე მათი უფლებების დაცვა შევთავაზოთ, შეგვიძლია საერთაშორისო სამართლის მექანიზმები ავამოქმედოთ, მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და მათი უფლებები დავიცვათ.

ეს არის უმძიმესი გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან, რომელიც ამ ომში აუცილებლად დამარცხდება და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი თანამოქალაქეები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან ამ ბოროტმოქმედებაში არ იყვნენ ჩათრეულები". - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 


close დახურვა