logo
ENG



ხოშტარია: შიმშილობას არ შევწყვეტ, წამლებს მივიღებ, თუ ჩემს სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება

09 ნოე 202111:20
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

ელენე ხოშტარია ამბობს, რომ შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს, საჭირო მედიკამენტებს კი იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ მის სასიცოცხლო პარამეტრებს საფრთხე შეექმნება. 

დროას ლიდერი მე-7 დღეა, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს. ის პარლამენტის შენობაშია. 

"მე თავიდანვე ვთქვი, რომ ვიშიმშილებდი მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ მოეხსნება. 

დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების პრობლემა არის კიდევ უფრო დიდი, ვიდრე იყო მანამდე. ამიტომ, მე არც კი განვიხილავ შიმშილობის შეწყვეტას. მე ვაგრძელებ შიმშილობას. 

ერთადერთი, რადგან პოლიტიკური კონტექსტი შეიცვალა, თუ ჩემი სიცოცხლის პარამეტრებს შეექმნება საფრთხე, მივიღებ გარკვეულ მედიკამენტებს. ახლა მე არ ვიღებ მედიკამენტებს. 

თუ მე ჩემი ნდობით აღჭურვილი ექიმი მეტყვის, რომ ეს ზღვარი ერის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარი, იმ შემთხვევაში მივიღებ წამლებს. იმიტომ, რომ მე არ ვაპირებ დანებებას, შიმშილის შეწყვეტას, არ ვაპირებ არც სიკვდილს. მე ვაპირებ გამარჯვებას ამ ბრძოლის გზით. 

შეიძლება ყველას არ ესმის, რომ ეს გამარჯვება სჭირდება საქართველოს ყველა მოქალაქეს, მაგრამ თუ ამ ბრძოლაში ჩვენ არ ჩავდეთ სრული ენერგია, ყველა მათგანი არის უსასტიკესი რეჟიმის საფრთხის ქვეშ". - თქვა ელენე ხოშტარიამ. 

ელენე ხოშტარიამ შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო. 

ქართული ოცნების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კი საქართველოში 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. იმავე საღამოს მან შიმშილობა დაიწყო.

ადვოკატები და ექიმები ითხოვდნენ ექსპრეზიდენტის გადაყვანას მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში, ვინაიდან ციხის საავადმყოფოში არ არის საკმარისი აღჭურვილობა, ამასთან, მისი უსაფრთხოებაც არ იქნებოდა დაცული. გლდანის ციხის მე-18 საავადმყოფო შეამოწმა ომბუდსმენმაც და დაასკვნა, რომ აქ არ იყო პირობები პაციენტის მოსათავსებლად. 

მიუხედავად ამისა, 39-დღიანი შიმშილობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი მაინც გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პეიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, რომელშიც ჩანს, რომ ექსპრეზიდენტი თავის ნივთებს ალაგებს და ციხის თანამშრომლებს თავისი ნებით მიყვება. უწყება ამტკიცებდა, რომ მისი გადაყვანა არ მომხდარა ძალადობრივად. თუმცა, ვიდეოს გავრცელებიდან რამდენიმე წუთში სააკაშვილთან შეხვედრიდან გამოსულმა ომბუდსმენმა განაცხადა, რომ მას მოატყუეს, თითქოს სამოქალაქო კლინიკაში მიჰყავდათ. 

მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ უარი თქვა მანქანიდან გადასვლაზე, გადაათრიეს მანქანიდან კრიმინალების გინების ქვეშ, გაათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩაარტყეს კისერში.

გლდანის ციხის მე-18 საავადმყოფოში ექსპრეზიდენტს პატიმრებმა ე.წ შუმოკი მოუწყვეს - მას ერთხმად აგინეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. 


close დახურვა