დღეს „ნაციონალური მოძრაობის", „ევროპული საქართველოსა" და „რესპუბლიკური პარტიის" ქალი პოლიტიკოსებისგან შემდგარი დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება. ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანის მიზნით, სალომე სამადაშვილი, ელენე ხოშტარია, ხატია დეკანოიძე და ხათუნა სამნიძე შეხვედრებს კონგრესში, სენატსა და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან გამართავს. ისინი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ამერიკულ მხარეს ინფორმაციას მიაწვდიან.
"მათი პოზიცია ძალიან მკაფიოა „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაზე. საერთაშორისო პრესა არის ასევე ძალიან მკაფიო იმ საფრთხეებზე, რომელიც ქვეყანას აქვს. მნიშვნელოვანია უფრო გავამყაროთ ჩვენი პარტნიორების პოზიცია. ჩვენ გვინდა ვისაუბროთ გამოსავალზე. ჩავდივართ არა საწუწუნოდ, არამედ იმ ხედვის გასაზიარებლად, რომელიც აქვს ყველა პროდასავლურ ძალას საქართველოში. მგონია, რომ ეს ხელს შეუწყობს ვითარების გამოსწორებას“, - აღნიშნა ხოშტარიამ "ფორმულასთან" საუბარში.
მის აზრს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილიც იზიარებს. დეპუტატის თქმით, დელეგაცია ქვეყანაში არსებული კრიზისის შესახებ გაესაუბრება როგორც პოლიტიკოსებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და მედიას.
„ეს იქნება რამდენიმე პარტიის ვიზიტი. გვინდა, რომ პოლიტიკოსებს, არასამთავრობოებს და მედიას გავაცნოთ ის პოლიტიკური კრიზისი რაც დღეს ხდება საქართველოში და რა არის აქედან გამოსავალი გზა, რომელსაც შეუძლია ამერიკამ მხარი დაუჭიროს“, - სამადაშვილმა.