logo
ENG



ხოშტარია ISFED-ზე: "ოცნება" რაღაც კამპანიას აგორებს, არჩევნების მერე NGO სექტორს მიადგნენ

25 დეკ 202017:19
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების გარშემო შექმნილ ვითარებას ეხმაურება და ამბობს, რომ ISFED-ის მიმართ, ხელისუფლებამ, სავარაუდოდ, ზეწოლა განახორციელა. 

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, მმართველი გუნდი ორგანიზაციის წინააღმდეგ გარკვეულ კამპანიას აგორებს, რაც პოლიტიკოსის შეფასებით მთლიანად არასამთავრობო სექტორისთვის საზიანოა. 

"ISFED-ის მიმართ როგორც ჩანს იყო ან მოსმენა ან ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან, იმიტომ რომ სანამ ISFED რამეს იტყოდა, ხელისუფლებამ წინასწარ დაიწყო ამაზე საუბარი. ახლა ვხედავთ, რომ რაღაც ტიპის კამპანიას აგორებენ. ეს პირველ რიგში საშიშია მთლიანად NGO სექტორისთვის. იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ, რომ ივანიშვილმა სათითაოდ ყველა ინსტიტუტი მიიტაცა ან დაამსხვრია და ახლა არჩევნების მერე, მიადგნენ NGO​ სექტორს", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

ცნობისთვის, 11 დეკემბერს ISFED-მა პარალელური ხმის დათვლის შედეგების ჩასწორების შესახებ ამცნო საზოგადოებას და განაცხადა, რომ შეცდომის მიზეზი ხმების დათვლის ფორმულაში დაშვებული ხარვეზი იყო, რომლის გამოც, პროგრამა ნამდვილ ბიულეტენებთან ერთად ბათილ ბიულეტენებსაც ითვლიდა. ჩასწორებული შედეგების მიხედვით, მონაცემები ქართული ოცნების სასარგებლოდ იყო შეცვლილი. განახლებული მონაცემების თანახმად, ქართულ ოცნებას 47.6% აქვს, ხოლო მანამდე მმართველი გუნდის პროცენტული მაჩვენებელი 45.8%-ს შეადგენდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შეჯამებულ საბოლოო შედეგებით კი ქართულმა ოცნებამ ამომრჩეველთა ხმების 48,22% მიიღო.  

ISFED-ის მიერ (PVT) დათვლის შეცვლილი მონაცემების გამოქვეყნებამდე ფორმულამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ორგანიზაციაზე ხელისუფლება ახდენდა ზეწოლას, რომ მათ პარალელური დათვლის შედეგებისთვის გადაეხედათ.

ამ ფონზე, მმართველი გუნდი ორგანიზაციის დისკრედიტაციას ცდილობს და ამბობს, რომ ISFED-ის წარმომადგენლებმა ხმების დამთვლელ ფორმულაში ხარვეზი ოპოზიციასთან შეთანხმებით დაუშვეს, რასაც სპეკულაციას და არჩევნების რეალური ხარვეზებიდან ყურადღების გადატანის მცდელობად აფასებს ორგანიზაციის გადაყენებული თავმჯდომარე ელენე ნიჟარაძე. 

ოპოზიციის წარმომადგენლები, თავის მხრივ, აცხადებენ, რომ პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები არაფერს ცვლის არჩევნების გაყალბების მტკიცებაში, რადგან ხმების პარალელური დათვლა არ ასახავს მოსყიდვას, დაშინებას, ე.წ. კარუსელებსა და ხმების ჩაყრას.

ამ მოვლენებს ორგანიზაციის ხელმძღვანელის ელენე ნიჟარაძის თანამდებობიდან გადაყენება მოყვა. 


close დახურვა