რუსთავში, 21 წლის ახალგაზრდა, რომელმაც თბილისის ერთ-ერთი კოვიდსასტუმრო გუშინ დატოვა, მოულოდნელად გარდაიცვალა.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ახალგაზრდა კაცი გულის უეცარი გაჩერებით გარდაიცვალა. უწყებაში განმარტავენ, რომ კაცმა საკარანტინო სივრცე კოვიდისგან უკვე გამოჯანმრთელებულმა დატოვა.
"იგი იყო კოვიდ გამოჯანმრთელებული. 3 ოქტომბერს მოთავსდა საკარანტინო სივრცეში, კოვიდ ინფიცირებულთან კონტაქტის გამო. ჩაუტარეს PCR ტესტირება და დაუდგინდა კორონავირუსი. იგი კოვიდ სასტუმროში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყო. გაწერისას თავს გრძნობდა კარგად. არ აღენიშნებოდა არანაირი სიმპტომი და ჩივილი.
რამდენჯერმე ექიმს მიმართა, რომ საკარანტინო სივრცე დროზე ადრე დაეტოვებინა, რადგან თავს კარგად გრძნობდა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი არის გულის უეცარი გაჩერება, თუმცა დამატებითი მოკვლევა მიმდინარეობს", - ამბობენ ჯანდაცვის სამინისტროში.