logo
ENG



ჯანდაცვის სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ვირუსის შემთხვევები უფრო გაიზარდოს

28 მარ 202020:10
3 წუთის საკითხავი
 

სახელმწიფო რეგიონებში კლინიკების ქსელს აფართოებს, ექიმებს კი მობილიზაციისკენ მოუწოდებს. შესაძლებელია თუ არა, რომ სულ მალე საქართველოში სრული კარანტინი გამოცხადდეს? ხელისუფლებაში ამ თემაზე ჯერჯერობით არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ კლინიკებში მობილიზაცია პაციენტების გადანაწილებისთვისაა საჭირო. საყოველთაო კარანტინისათვის მზადების ინსტრუქცია ჯერ არ მიუღიათ მედიკოსებს, თუმცა ისინი პრევენციულ ნაბიჯებს გამართლებულად მიიჩნევენ.

კორონავირუსის ეპიდემიის პიკის დაწყებამდე მხოლოდ ორი კვირით ადრე ჯანდაცვის მინისტრი საქართველოს რეგიონებში ე.წ. ცხელების კლინიკების გახსნას აანონსებს. ეკატერინე ტიკარაძემ განცხადება რუხში ახალი მრავალფუნქციური საავადმყოფოს გახსნაზე გააკეთა, თუმცა არ დააკონკრეტა,  ემზადება თუ არა ამ ფორმით მთავრობა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადებისთვის.

საყოველთაო კარანტინის გამოცხადების აუცილებლობას ვერ ხედავენ ექიმები, თუმცა გარდაუვალი საჭიროების შემთხვევაში ამ ზომის შემოღებას ეთანხმებიან. ინფექციონისტები, რომლებიც ვირუსის ეპიდემიას უკვე მთელი თვეა შეუსვენებლად ებრძვიან, ამბობენ, რომ მიმღები კლინიკების დამატება - კორონავირუსის და სეზონური გრიპის დროს გაზრდილი პაციენტების ნაკადის დროს სისტემას ჩამოშლისგან დაიცავს.

დააგვიანდა თუ არა ე.წ. ცხელების კლინიკების გახსნა ჯანდაცვის უწყებას, მაშინ როდესაც ქვეყანა შიდაგადაცემის ფაზაში შედის და კორონავირუსის ეპიდაფეთქებას 2 კვირაში ელოდება - ამ კითხვაზე ექსპერტებს საერთო პოზიცია აქვთ. სპეციალისტები პირდაპირ ამბობენ, რომ ეპიდაფეთქებამდე ცოტა დრო რჩება და სისტემა რეგიონებში ვერც კლინიკების აღჭურვას მოასწრებს და ვერც მომუშავე პერსონალს გადაამზადებს.

დაგვიანებული რეაგირების პირობებში ჯანდაცვის სფეროზე მომუშავე ექსპერტები ხელისუფლებას ურჩევენ დროულად შემოიტანოს სწრაფი ტესტები, რომ კოვიდ-19 ის ინფიცირების შემთხვევები არ გამორჩეს. იმ ფონზე რომ კოვიდ-19-ის შემოტევიდან გასულ ერთთვიან ვადაში მხოლოდ 1700 ტესტირებაა ჩატარებული. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ რეალური მაჩვენებელი დადასტურებულ შემთხვევაზე მეტი იყოს, ვინაიდან მსოფლიო პრაქტიკამ აჩვენა, რომ ადამიანის ორგანიზმში საშიში ვირუსი შესაძლოა იყოს, მაგრამ დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს.


close დახურვა