logo
ENG



ჯანმოს მორიგი გაფრთხილება მსოფლიოს - ტრამპის მრჩეველს კორონავირუსი დაუდასტურდა

27 ივლ 202020:41
3 წუთის საკითხავი
 

ჯანმოს მორიგი გაფრთხილება მსოფლიოს. ორგანიზაციის გენერალური დირექტორის განცხადებით,  კორონავირუსის პანდემია კვლავ ძლიერდება, თუმცა საზღვრების ჩაკეტვა და მოგზაურობის აკრძალვა მუდმივი ვერ იქნება. ტედროს გებრეისუსის თქმით, ვირუსის დამარცხება მხოლოდ მკაცრი რეგულაციების დაცვითაა შესაძლებელი და ეს მოიცავს ნიღბების ტარებასა და მასობრივი შეკრებებისთვის თავის არიდებას. ვირუსის შემთხვევების მატების გამო ბევრმა ქვეყანამ საკარანტინე რეგულაციები გაამკაცრა. 

ავსტრიის საკურორტო ქალაქ სანქტ ვოლფგანგის ქუჩები დაცარიელებულია. კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამოვლენის გამო ქალაქში ტურისტული სეზონი ვადაზე ადრე სრულდება. კოვიდ 19 სასტუმროს 52 თანამშრომელს დაუდგინეს, ერთი დაინფიცირებული კი დამსვენებელია. ორი სასტუმრო დაიხურა. ქალაქში კომენდანტის საათიც გაახანგრძლივეს. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში მსოფლიო მასშტაბით ვირუსის შემთხვევებმა სწრაფი მატება დაიწყო და უკვე 16 მილიონს აჭარბებს. თუმცა ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საზღვრების ჩაკეტვა პანდემიის შესაჩერებლად გამოსავალი არ არის. 

ხუთშაბათს ჯანმოს კომიტეტის შეხვედრა გაიმართება და სპეციალისტები კოვიდ 19-ის პანდემიასთან დაკავშირებით რეკომენდაციებსაც მიიღებენ. ვირუსის შემთხვევებმა მოიმატა გერმანიაში, ესპანეთში, საფრანგეთსა და ბელგიაშიც, სადაც ხელისუფლება ქვეყანაში სრული კარანტინის გამოცხადებას არ გეგმავს, თუმცა რეგულაციებს ამკაცრებს. ყველაზე მეტი შემთხვევა ანტვერპენის რეგიონშია გამოვლენილი 

ბავარიაში, სადაც 147 ადამიანს დაუდგინა ვირუსი, ჰიგიენის წესების დარღვევისთვის ჯარიმა გაახუთმაგეს და რეგულაციების დამრღვევებს დღეიდან 25 ათასი ევროს გადახდა მოუწევთ. შესაძლოა აეროპორტებში უცხო ქვეყნიდან დაბრუნებული გერმანელებისთვის ტესტის ჩატარება სავალდებულო გახდეს. 

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო ესპანეთიდან დაბრუნებული ბრიტანელებისთვის ორკვირიანი კარანტინი სავალდებულო გახდა, თუმცა ბრიტანეთის ხელისუფლება ამ რეგულაციის გადახედვას აპირებს და სავარაუდოდ ის აღარ გავრცელდება ბრიტანეთის იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც შვებულება კანარის ან ბალეარის კუნძულებზე გაატარეს. თავად ბრიტანეთში კოვიდ 19 ით პირველი შინაური ცხოველის დაინფიცირების შემთხვევა დადასტურდა. ვირუსი კატას დაუდგინდა. ქვეყნის პრემიერი კი მოსახლეობას მოუწოდებს წონაში დაკლებაზე იზრუნონ, რადგან ამით საკუთარ ჯანმრთელობას შეინარჩუნებენ. 

კიდევ ერთი ზონა, სადაც ვირუსის შემთხვევებმა სწრაფად მოიმატა კატალონიაა. რეგიონის ხელმძღვანელობამ 4 დღის წინ ღამის კლუბები და რესტორნები დახურა და თუ ვითარება არ გამოსწორდება, საკარანტინე წესებს უფრო გაამკაცრებს. 

დღეს კრონავირუსი დაუდასტურდა დონალდ ტრამპის მრჩეველს უშიშროების საკითხებში რობერტ ო ბრაიენს. თეთრი სახლის განცხადებით მას ინფექცია მსუბუქი ფორმით აქვს და ბოლო პერიოდში უშუალო კონტაქტი არც დონალდ ტრამპთან და არც მაიკ პენსთან არ ჰქონია. კიდევ ერთი მაღალჩინოსანი, რომელსაც კოვიდ 19 დაუდასტურდა ირანის მთავრობის სპიკერია


close დახურვა