logo
ENG



ჯაფარიძე: პოლიციამ სხვა მოქალაქეების დაშინების მიზნით ჩვენზე იძალადა

04 მაი 202012:15
3 წუთის საკითხავი
 

საქალაქო სასამართლოში დღეს  პოლიტიკური პარტია „გირჩის" წევრების  სასამართლო პროცესი გაიმართება. საქმე ეხება საპროტესტო აქციის გამართვის გამო, აქტივისტების 3000 ლარით დააჯარიმებას. 

პარტიის ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, სასამართლოზე ბრალდების მხარე მტკიცებულებას ვერ წარმოადგენს და პოლიციელები ცრუ ჩვენებებს მიცემენ.

როგორც „გირჩის“ წევრი მაგდა დიაკონიძე აცხადებს, აქციაზე არაპროპორციული ძალების გამოყენებას ჰქონდა ადგილი.

„თვითონ არღვევენ კანონს. იქ არ იყო პროპორციული ძალების გამოყენება. ამან გამოიწვია ჩემი აღშფოთება. ეს რომ ნორმალური ქვეყანა იყოს, პირიქით უნდა ვუჩიოდე, იმდენად შეურაცხმყოფელი იყო ეს ყველაფერი“, - განაცხადა დიაკონიძემ.

პარტიის წევრი ზურაბ ჯაფარიძე კი მიიჩნევს, რომ ეს არის საჩვენებელი დასჯა.

„არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა ისეთი, რაც არ მომხდარა ბოლო დღეებში, უბრალოდ, ეს იყო გაცხადებული საპროტესტო აქცია, განსხვავებით სხვა შემთხვევებისა. თუმცა, მარნეულში გაცხადებული საპროტესტო აქცია ვნახეთ, მაგრამ არავინ დაუჯარიმებიათ. პოლიციამ გადაწყვიტა ეძალადა ჩვენზე, რადგან ქვეყანაში ხალხმა არ გაბედოს იმ არაადამიანური სიტუაციის, რაშიც ახლა ვიმყოფებით“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

სასამართლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს, მას არ დაესწრება მოსამართლე.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე „გირჩის“ მიერ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით აქციაზე დააკავეს 3 პირი, ხოლო თავად ორგანიზატორი „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და პარტიის 14 აქტივისტი, 3 000 ლარით დააჯარიმეს.


close დახურვა