აშშ-ში დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების საპრეზიდენტო კანდიდატებს, ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის პირველი დებატები გაიმართა.
ტელეკომპანია CNN-ის მიერ ორგანიზებულ დებატებში კანდიდატებს შესთავაზეს, პასუხები ამერიკელებისთვის ყველაზე პრობლემატურ საკითხებზე გაეცათ: მაღალ ინფლაციაზე, აბორტის უფლებაზე, უკანონო მიგრაციაზე, უკრაინისადმი დახმარებაზე, ოჯახისა და ბავშვების მხარდაჭერაზე, აფროამერიკელების პრობლემებზე, კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლასა და არჩევნების შედეგების პატივისცემაზე.
კანდიდატებმა თავი ბევრ კითხვას აარიდეს - ისინი დებატების განმავლობაში წინასწარ მომზადებულ თეზისებს მისდევდნენ.
პრეზიდენტი ბაიდენი აცხადებდა, რომ მისი ხელმძღვანელობის პირობებში ქვეყანა წარმატებით გაუმკლავდა რეცესიის შედეგებს, რომლებიც კოვიდ პანდემიით იყო გამოწვეული.
თავის მხრივ, ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მიმდინარე ეკონომიკური ზრდა მისი პრეზიდენტობის დროს გადასახადების შემცირებისა და ეკონომიკის რეგულირებაში სახელმწიფოს ჩარევის შემცირების პოლიტიკის შედეგია.
მან ბაიდენი არალეგალური მიგრაციის წახალისებაში დაადანაშაულა, რაც, მისი თქმით, ამერიკელების მდგომარეობას კიდე უფრო აზიანებს.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები შემოდგომაზე ჩატარდება.