logo
ENG



ჰაიდაის თქმით, რუსული ძალები სევეროდონეცკის დიდ ნაწილს აკონტროლებენ

01 ივნ 202210:50
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/01/g1q0x23eopfdrml.jpg

ლუჰანსკის სამხედრო რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი ჰაიდაი აცხადებს, რომ რუსული ძალები ახლა ქალაქ სევეროდონეცკის დიდ ნაწილს აკონტროლებენ. თუმცა მისი თქმით, ქალაქი ალყაში არაა და არც ამის წინაპირობა არსებობს.

ჰაიდაი აცხადებს, რომ რუსული ძალები ახლა ქალაქის ცენტრში არიან გამაგრებულები და თავს ესხმიან ჩრდილოეთით, დასავლეთითა და აღმოსავლეთით მდებარე დასახლებებს - ანადგურებენ საცხოვრებელ სახლებს ქალაქში და მის გარშემო.

მისი თქმით, სევეროდონეცკში ძირითადი ინფრასტრუქტურა მთლიანადაა განადგურებული და საცხოვრებელი სახლების 90% დაზიანებულია.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ უკრაინელი სამხედროები ახლა თავდაცვით პოზიციებს იკავებენ, ამ ეტაპზე კი სევეროდონეცკის დატოვება სიცოცხლისთვის საშიშია.

„ჩვენ მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია. არის მანევრირების შანსები, ამიტომ ჯარი მშვიდად იკავებს თავდაცვით პოზიციებს იმ ადგილებში, რაც მათ მიერაა [რუსული ძალების] ოკუპირებული ახლა. ამ ეტაპზე ქალაქში ყველა საცხოვრებელი სახლის 90% დაზიანებულია. მათგან 60%-ის აღდგენა თითქმის შეუძლებელია. და აუცილებელი ინფრასტრუქტურა მთლიანად, 100%-თაა განადგურებული.

ახლა არაა სევეროდონეცკის დატოვების შესაძლებლობა. ეს ძალიან სარისკოა და მცირეა შანსები, რომ [დაშავების გარეშე] შეიძლება გაქცევა. შესაბამისად, უბრალოდ არ აქვს აზრი ადამიანების სიცოცხლის გარისკვას“ - განაცხადა ჰაიდაიმ.

სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის მიზანი ყველა უკრაინელი სამხედროს ალყაში მოქცევა, საბოლოოდ კი მთელი ლუჰანსკის რეგიონის დაკავებაა. ჰაიდაი ამბობს, რომ რუსებს სურთ ლისიჩანსკის და ბახმუტის გზის ჩაკეტვა და სევეროდონეცკის მთლიანად დაკავება, თუმცა ამას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ.

აღსანიშნავია, რომ თუ რუსული ძალები სევერონოდეცკზე სრულად დაიკავებენ, მის მეზობლად არსებული ქალაქი ლისიჩანსკი იქნება ერთადერთი სამოქალაქო დასახლება ლუჰანსკის რეგიონში, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს.


close დახურვა