logo
ENG



ჰარცელი: ინსპექტორის ინსტიტუტის ჩამოყალიბება ვიზალიბერალიზაციის ერთ-ერთი წინაპირობა იყო

01 თებ 202212:37
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ამბობს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის როლი და მუშაობა მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ინსპექტორის ინსტიტუტის ჩამოყალიბება და განვითარება ვიზალიბერალიზაციის ერთ-ერთი წინაპირობა იყო.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დიპლომატიურ კორპუსს საქმიანობის წლიური ანგარიში გააცნო. აღნიშნული ანგარიში ინსპექტორის სამსახურმა პარლამენტშიც გააგზავნა, თუმცა ლონდა თოლორაია მოხსენებისთვის საკანონმდებლო ორგანოში არ დაიბარეს.

"გამოიწვია სერიოზული შეშფოთება იმან, რაც ხდებოდა ამ სამსახურთან დაკავშირებით იქიდან გამომდინარე, რომ ახალ წლამდე ძალიან ნაჩქარევად მოხდა ამ კანონის მიღება. ამ პროცესში არ იყო ინკლუზიური ჩართვა სხვადასხვა მონაწილე მხარეების. იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირი ვართ ერთ-ერთი დაინტერესებული მხარე, რომელმაც ჩადო ბევრი რესურსი როგორც ექსპერტიზის, ასევე შესაძლებლობათა გაძლიერებაში ამ სამსახურის, ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. არ ვიქნებოდით წინააღმდეგი, რომ მიგვეღო მონაწილეობა დისკუსიებში და ასევე მიღებული გაკვეთილები განგვეხილა, რაც მიმართული იქნებოდა სწორი გზის გამომუშავებაზე. გარდა იმისა, რომ კითხვები ისმევა ამ პროცესის არსთან დაკავშირებით, მინდა ვთქვა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის ჩამოყალიბება და განვითარება იყო ერთ-ერთი წინაპირობა ვიზალიბერალიზაციისთვის", - ამბობს ჰარცელი.

30 დეკემბერს პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გააუქმა. კანონპროექტი ქართულმა ოცნებამ დაჩქარებული წესით მიიღო. 

ლონდა თოლორაიას, რომელიც 2019 წელს სახელმწიფო ინსპექტორად 6-წლიანი ვადით აირჩიეს, უფლებამოსილება მარტში უწყდება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.

მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ სამსახურის გაყოფა საგამოძიებო ფუნქციის გაძლიერებას უკავშირდება. თუმცა ლონდა თოლორაია მიიჩნევს, რომ ის ისჯება დამოუკიდებლობისთვის და კრიტიკული შეფასებებისთვის.

ამასთან, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაშლა პირდაპირ უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის მიმართ ციხეში არაადამიანურ მოპყრობასა და სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გავრცელებას. ინსპექტორის სამსახურმა არაადამიანური მოპყრობის საქმეზე გამოძიება დაიწყო, ხოლო კადრების გავრცელებისთვის იუსტიციის სამინისტრო დააჯარიმა. აღნიშნული ჯარიმა საქალაქო სასამართლომ გააუქმა. 

ქართული ოცნების კანონპროექტი ლონდა თოლორაიამ და სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს. 


close დახურვა