ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვა საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. როგორც მან თქვა, ამ უფლებების უზრუნველსაყოფად ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს. ამის შესახებ მან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინიციატივით გამართულ ვებინარზე განაცხადა.
"ვაკვირდებით მესამე პრეზიდენტი გარშემო არსებულ პროცესებს. მისი უფლებების დაცვა და სამართლიანი სასამართლო პროცესები საკვანძო საკითხებია და საქართველოს ხელისუფლების სრულ პასუხისმგებლობას წარმოადგენს, ეს უფლებები მოიცავს სამართლიან და სათანადო სასამართლო პროცესებს და ადეკვატური ჯანდაცვის მიღებას ისევე, როგორც პირადი ცხოვრებისა და ღირსების დაცულობას ციხეში ყოფნის დროს. საქართველოს მთავრობა ყველა ძალისხმევას უნდა მიმართოს, რომ სრულად უზრუნველყოს ეს უფლებები", - განაცხადა ჰარცელმა.
ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი მიხეილ სააკაშვილი საქარველოში 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. მას შემდეგ, უკვე 40 დღეა, ის შიმშილობს.
სააკაშვილი ამბობს, რომ გუშინ, 8 ნოემბერს გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ უარი თქვა მანქანიდან გადასვლაზე, თუმცა გადაათრიეს მანქანიდან კრიმინალების გინების ქვეშ, გაათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩაარტყეს კისერში.
სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი ორჯერ შეამოწმა. პირველი შემოწმების დროს, ლომჯარიამ თქვა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორედ გლდანის ციხის საავადმყოფოს შემოწმება 4 ნოემბერს მოხდა, რა დროსაც სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ საავადმყოფო სრულად ისევ არ შეესაბამება რეკომენდაციებს.