„ქართული ოცნების“ დეპუტატის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, მმართველი გუნდი ეროვნული და რელიგიური ფასეულობების დასაცავად ახალი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადებას გეგმავს, რომელსაც პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე წარუდგენენ.
საკითხზე საუბრისას გორდულაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში რელიგიური შუღლის გაღვივების მცდელობები მიმდინარეობს:
„ათწლეულებია გარედან მიზანმიმართულად აფინანსებენ, წარმართავენ და აქებენ იმ პირებს, რომლებიც ამ დაპირისპირებას აღვივებენ, განსაკუთრებული შეტევა მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიაზე, ცდილობენ, რომ სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს შორისაც ჩამოვარდეს შუღლი.
ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია და კონსულტაცია პარლამენტის თავმჯდომარესთან, საქართველოს პრემიერმინისტრთან და ჩვენ ვიწყებთ მუშაობას აღნიშნული საკითხის საკანონმდებლო დონეზე დასარეგულირებლად. მომზადდება შესაბამისი ცვლილებათა პაკეტი, რომელიც გასაჯაროვდება შესაბამისი კონსულტაციების დასრულების შემდეგ; და საშემოდგომო სესიის მიმდინარეობისას წარედგინება პარლამენტს და მიღებულიც იქნება“.
აღნიშნული განცხადება არჩილ გორდულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მას შემდეგ გააკეთა, რაც პარლამენტში „ეროვნული ფასეულობების დასაცავად“ შექმნილ საინიციატივო ჯგუფს შეხვდა. ცნობისთვის, 30 ივლისს დაფუძნებულ ჯგუფში მსახიობი გიორგი შანიძე, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე და ბათუმის თეატრის დირექტორი კოტე მჟავია შედიან. ისინი მმართველი პარტიისგან ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ღირებულებების დამცავი კანონმდებლობის გამკაცრებას მოითხოვენ.
