უვადო მოსამართლეობის კანდიდატის პაატა სილაგაძის ინფორმაციით, მას იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გიორგი მიქაუტაძე დაუკავშირდა. ამის შესახებ მან საპარლამენტო მოსმენაზე, „ევროპული საქართველოს“ წევრის ოთო კახიძიკის კითხვაზე განაცხადა, რომელიც დაინტერესდა, თუ რატომ გამოარჩია საბჭომ გასაუბრებაზე მისული სხვა პირებიდან სწორედ სილაგაძე.
„წინა კითხვაზე უცებ ვერ გავიხსენე, მაგრამ ახლა რომ გავიხსენე, ეს იყო ბატონი გიორგი მიქაუტაძე. მე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ვიყავი მაშინ, 10-წლიანი პერიოდი გამოცდილება და პრაქტიკაც მქონდა. ალბათ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დამიკავშირდნენ. მითხრეს, რომ აპირებდნენ ემსჯელათ და მკითხეს საწინააღმდეგო ხომ არაფერი მქონდა. ჩემგან თანხმობა მიიღეს,“ - განაცხადა სილაგაძემ.
შეგახსენებთ, რომ სილაგაძის გვარი რამდენიმე გახმაურებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება. მათ შორისაა ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობაში დატოვება. ასევე სილაგაძე იყო მოსამართლეთა კოლეგიის ერთ-ერთი წევრი, რომელმაც 2015 წელს ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეზე უვადო პატიმრობა მისჯილი გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას ციხეში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. გვიჩიანი და ჩემია კი 2017 წელს უდანაშაულოდ ცნეს და სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.