logo
ENG



10-ჯერ მივმართეთ, თუმცა სრული იგნორი იყო - ცერცვაძე ჯანდაცვის უწყებას სიცრუეში ადანაშაულებს

22 აგვ 202021:53
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე სიცრუეს უწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ცენტრს მიმდინარე წლის თებერვალში მიღებული ჰქონდა ნებართვა გადაუდებელი სარემონტო სამუშაოებისთვის საკუთარი დივიდენდის გამოყენებაზე. ამასთან დაკავშირებით კლინიკა მორიგ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ცენტრს თებერვალში არავითარი ნებართვა დივიდენდების გამოყენების უფლებაზე არც ერთი უწყებისგან არ მიუღია. ცერცვაძის თქმით, ასეთი ნებართვა მხოლოდ პაციენტების მიღების შეწყვეტის შემდეგ მიიღეს.  

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის სრული სიცრუე და თავის მართლების მორიგი უსუსური მცდელობა. კატეგორიუალდ ვაცხადებთ, რომ ასეთი ნებართვა ეკონომიკის სამინისტროსგან ცენტრმა მიიღო მხოლოდ ა.წ. 21 აგვისტოს, უკვე პაციენტების მიღების შეჩერების შემდეგ და მანამდე არც ეკონომიკის, არც ჯანდაცვის სამინისტროებიდან და არც ნებისმიერი სხვა სამთავრობო სტრუქტურიდან არავითარი, ვიმეორებ არავითარი ნებართვა დივიდენდის გამოყენების უფლებაზე არ გვქონია. თორემ ეს რომ გვქონოდა, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამუშოებს ხომ ჩავატარებდით",-ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის მინისტრი ინფორმირებული იყო, 20 აგვისტოდან პაციენტების ნაწილის მიღების შეჩერების თაობაზე. ცერცვაძის განცხადებით, კლინიკამ ბოლო ორი თვის განმავლობაში სამინისტროს ცენტრში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით არაერთხელ მიმართა.

"რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ თითქოს ჯანდაცვის მინისტრი არ იყო ინფორმირებული ცენტრში არსებული სიტუაციის და 20 აგვისტოდან პაციენტების ნაწილის მიღების შეჩერების თაობაზე, ესეც სრული სიცრუეა. მარტო ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩვენ სამინისტროს სულ ცოტა 10-ჯერ მაინც მივმართეთ წერილობით ცენტრში არსებულ კრიტიკულ სიტუაციზე და მათი მხრიდან გადაუდებელი დახმარების აუცილებლობაზე, მათ შორის გრიფით „sos“ და „სასწრაფოდ“, არაერთგზის მივმართეთ პირადადაც, მაგრამ უშედეგოდ. პასუხი სრული იგნორი იყო. თუ სამინისტრო გააგრძელებს ამ ფაქტის უარყოფას, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ყველა ამ წერილის გასაჯაროება. აგრეთვე მზად ვართ შევხვდეთ ჯანდაცვის მინისტრს ნებისმიერ ფორმატში, რათა გავარკვიოთ სიმართლე.

არადა ჯანდაცვის სამინისტროს სულ იოლად შეეძლო ცენტრისთვის გადაუდებელი სარემონტო სამუშოების ჩატარება ყოველგვარი დივიდენდის გარეშეც, სამინისტროს აღჭურვისა და რეაბილიტაციის პროგრამიდან ან COVID-19-ის ფონდიდან, ან ბოლოსდაბოლოს სამთავრობო საკოორდინაციო საბჭოზე გატანის გზით.

რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის მუქარას, პროგრამიდან „გაუფრთხილებლად“ გასვლის გამო ცენტრის მიმართ სანქციების გამოყენების თაობაზე, მინდა ყველას შევახსენო, რომ ჩვენ პროგრამიდან კი არ გავდივართ, არამედ იძულებული გაგვხადეს (სწორედ ჯანდაცვის სამინისტრომ) ავადმყოფებისათვის ელემენტარული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არქონის გამო (ვენტილაცია, ჟანგბადის მიწოდება, შენობების დამიწება, გამართული კანალიზაცია და სხვ.) დროებით შეგვეჩერებინა პაციენტების მიღება, მათივე სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებისათვის“,-ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ​ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულმა ცენტრმა კორონავირუსით და აივ ინფიცირებული პაციენტების მიღება შეაჩერა. ცენტრმა ამის მიზეზად კლინიკის უმძიმესი მდგომარეობა დაასახელა. 

გუშინ, 21 აგვისტოს ეკონომიკის სამინისტრომ კლინიკისთვის 300 ათასი ლარი გამოყო


close დახურვა