გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, გვანცა ჯობავა "გადატრიალების" საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. ამის შესახებ ის ფეისბუქზე წერს.
გვანცა ჯობავა ერთ-ერთი იყო, ვინც ტრენინგს ესწრებოდა, რომელიც კანვას საქართველომ USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში გამართა.
"ცხადია, ეს ყველაფერი ძალიან არასერიოზულია, მაგრამ მეორეს მხრივ საერთოდ არ მიმაჩნია, რომ ამ საქმეში რამე სასაცილოა. ალბათ ასე იწყებოდა და ვითარდებოდა მოვლენები თავის დროზე რუსეთშიც", - წერს ჯობავა.
***
სუს-მა პირველად 18 სექტემბერს გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ ოქტომბერ-დეკემბერში "დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობა" იგეგმება. უწყებამ განცხადებაში აღნიშნა, რომ ამას "საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი" გეგმავს.
"გადატრიალების" შესახებ პროპაგანდისტულ და დაუსაბუთებელ საქმეზე მორიგ განცხადებაში სუს-მა ამჯერად USAID-სა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ისაუბრა.
უწყების თქმით, სერბეთის სამი მოქალაქე, რომლებიც, მათივე მტკიცებით, დაკავშირებულები არიან 2003 წლის ვარდების რევოლუციის მოვლენებთან, საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ.
სუს-ის მტკიცებით, მათი საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება "სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის" საკითხებში, მაგრამ, მათივე თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო.
უწყებამ ტრენინგის მონაწილეები და ორგანიზატორები გამოკითხვაზე ეტაპობრივად დაიბარა.