logo
ENG



"თავისუფლება ირაკლი ბებუას!" - პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

24 ოქტ 202320:08
3 წუთის საკითხავი
 

"თავისუფლება ირაკლი ბებუას" - პარლამენტთან აფხაზეთის ე.წ ხელისუფლების მიერ უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. 

აქციის ორგანიზატორი აფხაზური ამბებია. პარლამენტთან აქციაზე ირაკლი ბებუას ოჯახის წევრები, ახლობლები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებიან. 

ირაკლი ბებუას ოჯახი მის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანას ითხოვს. ბებუას ბიძაშვილის თამუნა ბებუას თქმით, "სახელმწიფო არ იყენებს საერთაშორისო პლატფორმას სათანადოდ".

"ირაკლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად არის დამძიმებული. მისი როგორც ფიზიკური, ისე ემოციური მდგომარეობა ძალიან რთულია. ამიტომ ოჯახი სახელმწიფოსგან მოითხოვს, ირაკლის სასწრაფოდ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანას და მის გათავისუფლებას. საერთაშორისო პლატფორმა ერთ-ერთი ბერკეტია იმისთვის, რომ ირაკლი სწრაფად გათავისუფლდეს და ვფიქრობ, სახელმწიფო არ იყენებს ამ ბერკეტს სათანადოდ. ამიტომ, მოვუწოდებთ სახელმწიფოს, რომ გააკეთოს ყველაფერი სწრაფად ირაკლის გასათავისუფლებლად", - განაცხადა ირაკლი ბებუას ბიძაშვილმა.

19 ოქტომბერს, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა (SCJ) გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

"მესამე წელია საქართველოს მოქალაქე ჩვენი ეროვნული ღირსების დაცვის გამო საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ტყვეა, თუმცა საქართველოს ხელისუფლება მის გასათავისუფლებლად ქმედით ნაბიჯებს არ დგამს და ოჯახთან მხოლოდ სტანდარტული, შაბლონური დაპირებებითა და ტექსტებით ურთიერთობენ. ირაკლი იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერასა და სოლიდარობას. ვიკრიბებით სამშაბათს, 19:00 საათზე - პარლამენტთან"- ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს მოქალაქე, ირაკლი ბებუა გალში კულტურის სახლის წინ აფხაზური დროშის დაწვისთვის 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს. მან ასე 27 სექტემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის დაცემის დღის ზეიმით აღნიშვნა გააპროტესტა. მის სახლში ჩხრეკის დროს დე-ფაქტო მილიციამ ხელყუმბარა ამოიღო, რომელსაც ის თითქოსდა საკუთარ საწოლში, ბალიშის ქვეშ ინახავდა. 

ვიდეოში, რომელშიც ირაკლი ბებუა სავარაუდოდ დე ფაქტო ხელისუფლების "სამართალდამცავ ორგანოებთან" დაკითხვაზე იმყოფებოდა, დროშის დაწვას ადასტურებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მას აფხაზებთან საწინააღმდეგო არაფერი აქვს და პირიქით, ის ამ ორი ხალხის მეგობრული ურთიერთობის მომხრეა და დროშაც სწორედ მათი დაყოფის მიმართ პროტესტის ნიშნად, სიმბოლურად, დაწვა. 

ბებუას უკანონო ბრალი 3 მუხლით წარუდგინეს: სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის, სხვისი ქონების განზრახ განადგურებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენისთვის.

საოკუპაციო რეჟიმის სასამართლომ მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.


close დახურვა