logo
ENG



გომელაურის თქმით, შოვში დაღუპული არასრულწლოვნის ცხედარს ამ დრომდე ეძებენ

26 ოქტ 202314:14
3 წუთის საკითხავი
clock 631
გომელაურის თქმით, შოვში დაღუპული არასრულწლოვნის ცხედარს ამ დრომდე ეძებენ

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, შოვის ტრაგედიის დროს დაღუპული არასრულწლოვნის ცხედარს ამ დრომდე ეძებენ. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ამ მხრივ სიახლეები არაა.

"ეს უმძიმესი იყო მთელი საქართველოსი. კიდევ ერთი ადამიანის, არასრულწლოვნის ცხედარი ვერ ვიპოვეთ. დღესაც არიან ჯგუფები დარჩენილნი, ტექნიკა მუშაობს", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, რომლებშიც დამსვენებლები ცხოვრობდნენ. 

მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გამოიყვანეს.

სტიქიის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები. 

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ადრეული შეტყობინებისა და მონიტორინგის სისტემის არსებობის შემთხვევაში ამხელა ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა.

გარდა ამისა, ბევრმა პრობლემურად მიიჩნია სამაშველო ოპერაციის დაწყების დრო. სამაშველო ვერტმფრენი შოვში სტიქიიდან სამ საათში გამოჩნდა. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ვერტმფრენმა არა თუ დაიგვიანა, არამედ "სულ რაღაც სამ საათში მივიდა" და ამას გარკვეული გარემოებებით ხსნის.

რაც შეეხება მონიტორინგის სისტემას, ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, "სპეკულირების საგანი" გახდა 2018 წელს მისი განცხადება, სადაც ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნის შესახებ საუბრობდა. მისი თქმით, "მსგავსი ტიპის ტრაგედია, რაც შოვში მოხდა, ნებისმიერ პირობებში გარდაუვალი იქნებოდა".


close დახურვა