logo
ENG



კონსერვატორიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი შავერზაშვილი იქნება

30 ოქტ 202314:20
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები დასრულდა. დღეიდან კონსერვატორიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი 6-თვის ვადით აკადემიური საბჭოს წევრი, პროფესორი გიორგი შავერზაშვილი იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ კულტურის სამინისტრომ კონსერვატორიაში რექტორის არჩევნები "სამართლებრივი ხარვეზების მიზეზით" გააუქმა, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები აქამდე არსებული წესით ჩატარდა.

არჩევნებში მონაწილეობას 2 კანდიდატი იღებდა - პროფესორი გიორგი შავერზაშვილი და ასოცირებული პროფესორი მაია ვირსალაძე. გიორგი შავერზაშვილმა აკადემიური საბჭოს წევრებისგან ხმების უმრავლესობა, 5 ხმა მიიღო.

არჩევნებამდე გიორგი შავერზაშვილმა კონსერვატორიის განვითარების მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა. ფორმულა გიორგი შავერზაშვილს ესაუბრა. ის ამბობს, რომ 6-თვიან პერიოდში შეეცდება სამართლებრივი ხარვეზების, ტექნიკური საკითხების აღმოფხვრას და ამაზე გუნდთან ერთად იმუშავებს.

კითხვაზე, იზიარებს თუ არა მოსაზრებას, რომ "კონსერვატორიას აქვს გამოწვევა - არის ავტონომიური და არა დამოუკიდებელი", შავერზაშვილი პასუხობს, რომ "ბოლომდე არ იზიარებს".

"არ ვიზიარებ ბოლომდე, ვიზიარებ იმას, რომ ავტონომიასა და დამოუკიდებლობას შორის არის განსხვავება. დამოუკიდებლობა არის სრული და ავტონომია არის ნაწილობრივი. კულტურის სამინისტროსთან, გარკვეულ ხელმძღვანელთან, რომელიც მიმართულია, რომელიც დამფინანსებელიც არის, არავითარი ურთიერთობა და კონტრ მდგომარეობაში ყოფნა მე მაგალითად არ მიმაჩნია სწორად", - აცხადებს გიორგი შავერზაშვილი. 

26 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანების საფუძველზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რექტორის არჩევნები პროცედურები შეწყდა. მინისტრის ბრძანებით გაუქმდა არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 28 ივლისის დადგენილება.

20 სექტემბერს მინისტრის საათზე კულტურის მინისტრი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში "რეფორმით" დაიმუქრა. როგორც მან პარლამენტში გამოსვლისას თქვა, ხელმძღვანელობაში ძალიან თვალშისაცემი "ხარვეზია" და არ დამალა, რომ ცვლილებებს გეგმავს.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას რექტორი ნანა შარიქაძეა, რომელიც ამ თანამდებობაზე 2019 წელს 4 წლის ვადით აირჩიეს. შარიქაძე ერთ-ერთია, ვინც რამდენიმე თვის წინ კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს კრიტიკული პოსტით გამოეხმაურა.


close დახურვა