logo
ENG



აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლები ალტერნატიული სივრცის გამოყოფას ამ დრომდე ითხოვენ

06 ნოე 202312:36
3 წუთის საკითხავი
 

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლები კვლავ ითხოვენ, რომ მთავრობამ მათი შვილებისთვის ალტერნატიული სივრცე გამოყოს. მშობლები ამბობენ, რომ დაახლოებით 3 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც მთავრობამ გასცა დაპირება, რომ ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის დახურვის შემდეგ, ალტერნატიული სივრცე გაიხსნებოდა, თუმცა ეს დაპირებად დარჩა.

მშობლების თქმით, მათი შვილები ვერ იღებენ მათთვის აუცილებელ სერვისებს - ვერ უტარდებათ თერაპიები და ამის გამო, სახეზეა რეგრესი. მათი თქმით, მთავრობის ადმინისტრაციაში სამდივნოს უფროსთან, ნიკო თათულაშვილთან მხოლოდ ერთი შეხვედრა შედგა, მას შემდეგ კი ისინი ინფორმაციულ ვაკუუმში არიან და მცდელობის მიუხედავად, ნიკო თათულაშვილს ვეღარ უკავშირდებიან.

"სულ გვპირდებიან, რომ აი, მომავალ კვირას გაიმართება შეხვედრა, ორი კვირის შემდეგ გაიმართება შეხვედრა და ფაქტობრივად, ჩვენ არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია ოფიციალური პირებისგან. საზაფხულო არდადეგების შემდეგ, თითქმის 3 თვე გავიდა და ბავშვები არიან ამ თერაპიების გარეშე, რომლებიც ჰაერივით სჭირდებათ მათ. ჩემი შვილის, მათ შორის სხვა ბავშვების მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, ეწყებათ ობსესიები, ქცევითი სირთულე, თვითდაზიანება, ოჯახის წევრთა დაზიანება და ა.შ.", - აცხადებს აუტისტური სპექტრის მქონე ერთ-ერთი ბავშვის მშობელი, მარი კორკოტაძე.

ალტერნატიული სივრცის მოთხოვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ბავშვის განვითარების ინსტიტუტის დახურვასთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია. ილიას უნივერსიტეტში ეს ცნობა უარყვეს და განაცხადეს, რომ მის სხვა სივრცეში გადატანასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

ილიაუნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შენობის ავარიულობასთან დაკავშირებით დასკვნა აგვისტოში მიიღეს, თუმცა როგორც მშობელმა 13 სექტემბერს სოციალურ ქსელში დაწერა, ეს ინფორმაცია სწავლის დაწყების წინა დღეს მიაწოდეს. 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერმა, ქეთი ლაკირბაიამ განაცხადა, რომ კვლევის ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც C კორპუსის დათვალიერების დროს, ბზარები შენიშნეს.

მან ვერ დაასახელა დეტალები, მათ შორის ვერც ხარჯებთან და გადატანის სავარაუდო თარიღთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნა, რომ ინსტიტუტის ბენეფიციარებთან ამ საკითხზე შეხვედრები იყო დაგეგმილი.


close დახურვა