logo
ENG



კახეთში კაცს იძულებით ქალის ტანსაცმელი ჩააცვეს, ქუჩაში გაატარეს - 3 პირს ბრალდება წარედგინა

06 ნოე 202318:33
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/06/n1zzq7exp9hhwal.jpg

პროკურატურამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარი დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბრალდებულებმა დაზარალებულს მისთვის დამამცირებელი ქმედების განხორციელება, ქალის ტანსაცმლის ჩაცმა აიძულეს და ქუჩებში გაატარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

როგორც ცნობილია, კაცს თანასოფლელებმა ქალზე სექსუალური ქმედების მცდელობაში დასდეს ბრალი.

 

"გამოძიებით დადგინდა, რომ 30 ოქტომბერს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ბრალდებულებმა იმ მოტივით, რომ დაზარალებულმა მათი შეფასებით სამარცხვინო საქციელი ჩაიდინა, მისთვის დამამცირებელი ქმედების განხორციელება, ქალის ტანსაცმლის ჩაცმა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

ფსიქიკური იძულების შედეგად, დაზარალებულმა მათი მოთხოვნა შეასრულა, რის შემდგომაც ბრალდებულებმა ის სოფლის ქუჩებში გაატარეს, რითაც პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩააყენეს.

პოლიციამ ბრალდებულები 1 ნოემბერს დააკავა. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (დამამცირებელი მოპყრობა, ესე იგი, პირის დამცირება და იძულება, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფსიქიკურ ტკივილსა და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - წერია პროკურატურის განცხადებაში.


close დახურვა