logo
ENG



რუსი აქტივისტის გაუჩინარების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

09 ნოე 202316:42
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/09/12qj8b3c4hubt8a.jpeg

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსი აქტივისტის, რაფაილ შეპელევის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს.

შსს-ის განცხადებით, 12 ოქტომბერს შაპელევი გორში გაემგზავრა, იქიდან კი ტაქსით კირბალში ავიდა, რის შემდეგაც საკუთარი ნებით საოკუპაციო ხაზი გადაკვეთა. 

"შეტყობინების მიღებისთანავე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში შექმნილი ძებნის საქმის ფარგლებში სამართალდამცველების მიერ, გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ჩატარდა გასაუბრებები ყველა იმ პირთან, რომელთაც შესაძლოა ჰქონოდათ რაიმე სახის ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

ასევე, დათვალიერდა ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ 12 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, მისი საცხოვრებელი მისამართიდან გაემგზავრა შიდა ქართლში, კერძოდ ქალაქ გორში, საიდანაც ტაქსით სოფელი კირბალის მიმართულებით გაემგზავრა.

გამოკითხული პირების, მათ შორის ტაქსის მძღოლის და ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნულმა პირმა ავტომობილიდან გადასვლის შემდეგ, საკუთარი ნებით გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი და გაემართა ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმისკენ", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

რუსული იურისტთა და უფლებადამცველთა საზოგადოების, "პირველი განყოფილების" განცხადებით, რუსეთში აკრძალული ულტრამემარცხენე და ნაციონალურ-ანარქისტული ორგანიზაცია „არტპოდგოტოვკას“ აქტივისტი, რაფაილ შეპელევი საქართველოში გაუჩინარდა.

შეპელევი, უფლებადამცველების თქმით, შესაძლოა ამ დროისთვის რუსეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდეს. როგორც ისინინ ამბობენ. შეპელევი თბილისში, მთაწმინდის ქუჩაზე, სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. ჯერ კიდევ ბინაშა მისი პირადი ნივთები. რაფაილის თანამოაზრეების თქმით, ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრიდან ცხოვრობდა და რუსეთში დაბრუნებას არ გეგმავდა.

"პირველი განყოფილების" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 13 ოქტომბერს ვლადიკავკაზის სოვეცკის რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი დამნაშავედ "წვრილმან ხულიგნობაში" ცნო. ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ კი შეპელევი ტერორისტული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.

რუსული მედიასაშუალების, Sota-ს ინფორმაციით, აქტივისტი რეგულარულად მოანწილეობდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებში.


close დახურვა