აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების მიერ უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუას ოჯახის წევრმა და დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ხელისუფლების უმოქმედობაზე ისაუბრეს.
ირაკლი ბებუას ნათესავიი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ირაკლი ბებუას მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმებულია და არსებობს რისკი, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას. ის არ გამორიცხავს, რომ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ირაკლი ბებუას მისამართით პროვოკაციული ქმედებები განახორციელონ.
"ახლა მისი მძიმე მდგომარეობა ართულებს სიტუაციას და ამიტომაც, მოვითხოვთ ყველანაირად, რომ მისი სასწრაფოდ გადმოყვანა მოხდეს, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სხვას ვერაფერს იძლევა. 3 წელი და 2 თვე იმდენად დიდი დროა იმისთვის, რომ მოხდეს რაიმე ქმედითი ნაბიჯების გადადგამ, რომ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ქმედებები არ გვიტოვებს იმის საშუალებას, რომ დავიტოვოთ იმედი, რომ ისინი რეალურად ახორციელებენ რაიმეს ირაკლის გასათავისუფლებლად, რადგან ქმედებებს რაღაც შედეგამდე უნდა მივყავდეთ, შესაბამისად, ამ ხნის განმავლობაში შედეგი არ დგას. ამიტომ, ოჯახს არ აქვს განცდა იმისა, რომ რეალურად სახელმწიფო რაიმეს აკეთებს ირაკლის გასათავისუფლებლად", - აცხადებს ირაკლი ბებუას ნათესავი.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად არაეფექტიანი და არასაკმარისი ნაბიჯები იდგმება. კერძოდ, აღნიშნავენ, რომ 3 წელი და 40 საკმაოდ დიდი დროა, რათა ხელისუფლებას ეწარმოებინა აქტიური მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენელი უჩა ნანუაშვილი ითხოვს, რომ სახელმწიფომ წარმოადგინოს განმარტებები, თუ რა გაკეთდა მათი მხრიდან ირაკლი ბებუას გასათავისუფლებლად. ამასთან, DRI-ში აღნიშნავენ, რომ აპირებენ, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორებს გაუგზავნონ წერილები და მიაწოდონ ინფორმაცია ირაკლი ბებუას უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით.
"1135 დღე არის გასული და საქართველოს მოქალაქე კვლავ უკანონო პატიმრობაში იმყოფება და ეს უკვე ნიშნავს, რომ ქართული პოლიტიკა არის ჩავარდნილი ამ მიმართულებით. ადამიანის უფლებები, უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მხრიდან და როდესაც ის ამ უფლებებს ვერ იცავს, მან უნდა აგვიხსნას, მინიმუმ, მოგვცეს განმარტება, რა გაკეთდა ამ წლების განმავლობაში", - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.
***
19 ოქტომბერს, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა (SCJ) გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
"მესამე წელია საქართველოს მოქალაქე ჩვენი ეროვნული ღირსების დაცვის გამო საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ტყვეა, თუმცა საქართველოს ხელისუფლება მის გასათავისუფლებლად ქმედით ნაბიჯებს არ დგამს და ოჯახთან მხოლოდ სტანდარტული, შაბლონური დაპირებებითა და ტექსტებით ურთიერთობენ. ირაკლი იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერასა და სოლიდარობას. ვიკრიბებით სამშაბათს, 19:00 საათზე - პარლამენტთან"- ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს მოქალაქე, ირაკლი ბებუა გალში კულტურის სახლის წინ აფხაზური დროშის დაწვისთვის 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს. მან ასე 27 სექტემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის დაცემის დღის ზეიმით აღნიშვნა გააპროტესტა. მის სახლში ჩხრეკის დროს დე-ფაქტო მილიციამ ხელყუმბარა ამოიღო, რომელსაც ის თითქოსდა საკუთარ საწოლში, ბალიშის ქვეშ ინახავდა.
ვიდეოში, რომელშიც ირაკლი ბებუა სავარაუდოდ დე ფაქტო ხელისუფლების "სამართალდამცავ ორგანოებთან" დაკითხვაზე იმყოფებოდა, დროშის დაწვას ადასტურებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მას აფხაზებთან საწინააღმდეგო არაფერი აქვს და პირიქით, ის ამ ორი ხალხის მეგობრული ურთიერთობის მომხრეა და დროშაც სწორედ მათი დაყოფის მიმართ პროტესტის ნიშნად, სიმბოლურად, დაწვა.
ბებუას უკანონო ბრალი 3 მუხლით წარუდგინეს: სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის, სხვისი ქონების განზრახ განადგურებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენისთვის.
საოკუპაციო რეჟიმის სასამართლომ მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.