logo
ENG



ფარულავა: თურნავამ ივანიშვილის გარემოცვას, პაპაშვილს საბანკო საქმიანობის ლიცენზია მიანიჭა

15 ნოე 202311:36
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრის ლაშა ფარულავას თქმით, ეროვნულმა ბანკმა, ნათია თურნავას ხელმძღვანელობით, რუსი ოლიგარქის ვლადიმერ ევტუშენკოვის და ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრს, უკრაინის მიერ სასანქციო სიაში შეყვანილ სულხან პაპაშვილს და მის კომპანიას (ციფრულ ბანკ ჰეშს) საბანკო საქმიანობის ლიცენზია მიანიჭა.

მისი თქმით, ამით ეროვნულმა ბანკმა "რუსული სისხლიანი ფულის სარეცხ მანქანას მწვანე შუქი აუნთო, რომ 2024 წლის არჩევნებზე ეს ბინძური ფული საარჩევნო მიზნებს მოხმარდეს და ბიძინა ივანიშვილის პარტიის ყულაბა შეივსოს".

"ჩვენთვის ცნობილია რომ ეროვნული ბანკის წინა ხელმძღვანელობამ სანქცირებული პაპაშვილის კომპანიას საბანკო საქმიანობის ლიცენზია არ მისცა, თუმცა ნათია თურნავამ რუსული სისხლიანი ფულის მრეცხავებს საქართველოში მწვანე შუქი აუნთო.

მოგახსენებთ რომ სს ჰეშის ბიზნესმიმართულება ციფრულ ბანკად ფუნქციონირებაა, რომელიც აპირებს, განახორციელოს საბანკო სერვისების მიწოდება ძირითადად ელექტრონული არხებით, რაც, სავარაუდოდ, 2024 წლის არჩევნებზე, რუსული ფულის შემოდინების მთავარი ინსტრუმენტი და ივანიშვილის პარტიის საარჩევნო ყულაბა იქნება.

ამერიკის მიერ რუსეთის ჯაშუშად გამოცხადებული და სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის მფარველობის შემდეგ, ნათია თურნავამ პირდაპირ რუსული ფულის მფარველობასა და საოპერაციო მართვაზე მოაწერა ხელი, რაც დასაბუთებულ და გონივრულ ეჭვს აჩენს, რომ ქართული ოცნება საარჩევნოდ რუსულ ფულის მისაღებად ელექტრონულ არხების გამოყენებას შეეცდება.

ამის შეჩერება მხოლოდ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს შეუძლიათ და ამის კონკრეტული ბერკეტებიც გააჩნიათ, ჩვენ დარწმუნებული ვართ, გამოიყენებენ", - თქვა ფარულავამ.

მისი ინფორმაციით, სულხან პაპაშვილი, როგორც ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრი, უკრაინამ სანქციების სიაში შეიყვანა.

"უკრაინული სანქციების გვერდზე პირდაპირ წერია, რომ პაპაშვილი რუსს ბიზნესმენებს, მათ შორის ვლადიმერ ევტუშენკოვს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. სულხან პაპაშვილი ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრია, ის უჩა მამაცაშვილთან ერთად საერთო ბიზნესებს ფლობს, მათი კავშირი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, სადაც ჩანს, რომ როდესაც პაპაშვილს ბანკიდან ხუთი მილიონი დოლარის სესხის აღება უნდოდა, იპოთეკაში მიწა მამაცაშვილის ძმამ ჩაუდო", - თქვა ფარულავამ.

ფარულავა ასევე საუბრობს ვოლოდიმირ ნოსოვზე. მისი თქმით, იგი ვაითბითის კრიპტო ბირჟის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. მისი კომპანიის წინააღმდეგ უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ წინასწარი გამოძიება დაიწყო, რუსეთთან საეჭვო ურთიერთობების, თაღლითობის, აქტივების გაყინვისა და პრიადი ანგარიშებიდან თანხების მითვისების გამო. უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი ვოლოდიმირ ნოსოვს ეხება, რომლის მიხედვითაც იგი საქართველოში ციფრულ ბანკის გახსნას გეგმავდა ქართველ ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილთან ერთად.

ფარულავას თქმით, პაპაშვილმა ლიცენზირების შესახებ მოთხოვნით საქართველოს ეროვნულ ბანკს 2022 წლის ბოლოს მიმართა. 

"ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტების წასვლამდე მისი მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული, რაც შემდგომ, ნათელა თურნავას მმართველობის პერიოდში, მან ფაქტია მარტივად მოიპოვა.

ოფიციალურად კრიპტო ბირჟის დამფუძნებელი 33 წლის ვლადიმერ ნოსოვია, თუმცა სინამდვილეში ვაითბითი ეკუთვნის პრორუსული პარტიის ყოფილ დეპუტატებს - დიმიტრი და მიკიტა შენცევებს. მეტიც, მიკიტა შენცევას აქვს რუსეთის მოქალაქეობა და ჩამოერთვა უკრაინის მოქალაქეობა. გარდა ამისა, შენცევები ცნობილნი არიან განგსტერული ბიზნესით, შემოსავალს უკრაინიდან იღებენ კონვერტაციის ცენტრების მეშვეობით, რათა თავიდან აიცილონ გადასახადების გადახდა. ამისთვის მათ სჭრიდებოდათ კრიპრო ბირჟის ორგანიზება, სახსრების სწრაფად და რაც მთავარია ანონიმურად ამოღებისთვის. ასე დაარსდა ვაითბითი.

ნოსოვის კომპანიის წინააღმდეგ საქმე განხილვაშია, ეჭვების დადასტურების შემთხვევაში ბირჟა აფილირებული იქნება აგრესიულ სახელმწიფოებთან, რაც ეჭვებს აჩენს, რომ პაპაშვილი დასავლეთის სანქციების შემდგომ ციფრული ბანკის შექმნით, რუს ბიზნესმენებს შავი ფულის საქართველოში გადმოტანაში ეხმარება.

ფორმულას წყაროს ინფორმაციით ეროვნული ბანკის წინა მენეჯმენტმა, კობა გვენეტაძის მმართველობის პერიოდში, პაპაშვილის კომპანიას ლიცენზია სწორედ მისი პარტნიორის საეჭვო კავშირების გამო არ მისცა. მსოფლიო მასშტაბით პრეცედენტი არ არსებობს, როდესაც კრიპტო ბირჟა აფუძნებს ბანკს", - თქვა ფარულავამ.


close დახურვა