logo
ENG



პროკურატურა კაბუს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას გაასაჩივრებს

27 ნოე 202322:56
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/27/b6s9dipt8n0rdhp.jpg

პროკურატურა საქალაქო სასამართლოს მიერ მომღერალ და მსახიობ კახა აბუაშვილის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ პროკურატურა არ ეთანხმება და სააპელაციო წესით გაასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ქალის მიმართ ძალადობაში, მუქარასა და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაში ბრალდებულ კაბუს 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

მსახიობ და მომღერალ კახა აბუაშვილს გირაო 27 ნოემბერს სასამართლო სხდომაზე შეეფარდა.

მას ბრალი ქალის მიმართ ძალადობის, მუქარის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისთვის აქვს წარდგენილი.

გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ნოემბერს, თბილისში, მანქანით გადაადგილებისას კაბუმ მასთან ერთად მყოფ ქალს ფეხის არეში დანის ტარი ჩაარტყა და ხელი რამდენჯერმე გაარტყა. ამის შედეგად ქალმა ფიზიკური ტკივილი განიცადა და სხეულის დაზიანება მიიღო.

გარდა ამისა, კაბუ დანის დემონსტრირებით, ჯანმრთელობის დაზიანებით და დასახიჩრებით დაემუქრა დაზარალებულს და გახსნილი დანა მისი მიმართულებით ორჯერ მოიქნია.

ამასთან, გამოძიებით დადგენილია, რომ კაბუმ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ორ ცალ პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებულ ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს, საერთო წონით - 1,28 გრამს.

კაბუს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა.


close დახურვა