logo
ENG



ნინო ქადაგიძე "ქართული სასამართლოს დემონიზებისთვის" ბოდიშს ითხოვს

01 დეკ 202315:23
3 წუთის საკითხავი
clock 396

უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე "ქართული სასამართლოს დემონიზებისთვის" ბოდიშს ითხოვს. ის გულისხმობს სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ქართველი მოსამართლეების სანქცირებასაც და აშშ-სგან მტკიცებულებებს ითხოვს.

"ცალსახად, ყველა იმ საქმეზე, რომლის გარშემოც ატეხილი იყო აჟიოტაჟი და რომლის საფუძველზეც მოხდა ქართული მართლმსაჯულების და ქართველი მოსამართლეების დემონიზირება, ყველა ამ საქმემ გაიარა უმაღლესი სამართლებრივი კონტროლი ევროსასამართლოში. ყველა ეს საქმე დამთავრდა საქართველოს სასარგებლოდ. ამიტომ, როცა სასამართლო სისტემა და მათ შორის მეც, როგორც ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე მივიღებ ბოდიშს იმ საზოგადოებისგან, ვინც ეს ტალღა ააგორა, ამის შემდეგ იქნება პასუხი.

ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტი ბუნებრივია ბოდიშს არ მოიხდის, მაგრამ ველოდებით შესაბამის მტკიცებულებებს, თუ მათ სურვილი ექნებათ და თუ თვლიან, რომ ეს ინფორმაცია არის მართალი და ემყარება შესაბამის მტკიცებულებებს, მაშინ ეს მტკიცებულებები წარმოდგენილი უნდა იყოს", - აცხადებს ნინო ქადაგიძე.

ამასთან, ის ამტკიცებს, რომ ქართული მართლმსაჯულება კორუფციისგან სრულად დაცლილია და ეს საქართველოს ყველაზე დიდი მიღწევაა. ქადაგიძე ასევე უარყოფს სისტემაში არაფორმალური გავლენების, ე.წ. კლანის არსებობასაც და ირწმუნება, რომ ქართული სასამართლოს სანდოობას შიდა კვლევები ადასტურებს, რომლებიც არ ქვეყნდება.

"არ გვაქვს არცერთი მტკიცებულება და ვერანაირად ვერ მივიღებთ ვერავისგან, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს მითითებას იმის თაობაზე, რომ ქართულ მართლმსაჯულებაში არის კორუფცია. ქართული მართლმსაჯულება სრულად დაცლილია კორუფციისგან და ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნის და მართლმსაჯულების სისტემის", - აცხადებს ნინო ქადაგიძე.


close დახურვა