logo
ENG



პარლამენტი პარტიებისთვის შემოწირულობების შეზღუდვას დაჩქარებული წესით განიხილავს

04 დეკ 202318:10
3 წუთის საკითხავი
clock 578
პარლამენტი პარტიებისთვის შემოწირულობების შეზღუდვას დაჩქარებული წესით განიხილავს

პარლამენტი იურიდიული პირების მიერ პარტიებისთვის შემოწირულობების შეზღუდვასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის საკანონმდებლო ინიციატივას დაჩქარებული წესით განიხილავს.

მოქალაქეთა გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვაზე გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულობის გაცემა აეკრძალება. გარდა ამისა, პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.04%-ს, ნაცვლად 0.05%-ისა.

ქართული ოცნება ცვლილებებს დეოლგარქიზაციის სამოქმედო გეგმის "შესრულებით" ხსნის, რომელიც მათი მტკიცებით, კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისა და ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს ეფუძნება.

"იურიდიულ პირებს მთლიანად შეეზღუდებათ შემოწირულობების გაღება პარტიების მიმართ და მეორე - მშპ-სთან ფარდობა წლის განმავლობაში ხარჯისა კიდევ უფრო დაიწევს. ოპონენტებს ვურჩევ, რომ მეტი დრო დაუთმონ კითხვას. კერძოდ, წაიკითხონ საზოგადოების ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე ჭარბი ზემოქმედების თავიდან აცილების სამოქმედო გეგმა. ჩვენ ამ ნაბიჯებს მივყვებით და ეს რის მიდგომა, რომელიც გვაქვს, ამიტომ ჩამოყალიბდეს ოპოზიცია, მათ შერჩევითი ევროპა მოსწონთ, ისეთი როგორიც უნდათ, თუ მიჰყვებიან ობიექტურად ამ საკითხს"- ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.


close დახურვა