ოკუპირებული გალის რაიონის ე.წ. ხელმძღვანელის, კონსტანტინე ფილიას განცხადებით, ოკუპირებულ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების (იპმრ) მექანიზმის შეხვედრებისთვის ზონას ამზადებენ.
მანამდე, სოხუმში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების განახლების სურვილი გამოთქვეს. ოფიციალურ თბილისს ინიციატივაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა ფილიას თქმით, "აფხაზური მხარე ამ საკითხში წინ წაიწია".
"ვამზადებთ ზონას, რომელიც ენგურის ხიდის მერე, ჩვენს გამშვებ პუნქტამდე მდებარეობს. პირველი პუნქტი, სადაც მხოლოდ შემოწმება მიმდინარეობს და საბაჟო სტრუქტურებს არ კვეთს. ზემოთ მზადდება ზონა, სადაც იქნება საკონფერენციო დარბაზი და იქ ჩატარდება შეხვედრები. გამოვა აფხაზეთის ტერიტორია, თუმცა ისინი ჩვენთან არ შემოვლენ. ამ ფორმატში ვცდით, რათა პრეტენზიები დაკმაყოფილდეს... დაიწყოს ნორმალური დიალოგი", - თქვა ფილიამ.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მტკიცებით, ქართული მხარე აცხადებდა, რომ იპმრ-ს შეხვედრების მონაწილეები უნდა კვეთდნენ ენგურის ხიდს პირადობებით, ხოლო აფხაზური მხარე ამბობს, რომ აუცილებელია საზღვარგარეთის პასპორტის გამოყენება. დე ფაქტი შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობდა, რომ შეხვედრებისთვის უნდა მოიძებნოს "ნეიტრალური ტერიტორია ენგურთან".