ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე ამბობს, რომ ელდარ (ლუკა) კურტანიძე ყრილობიდან არავის გაუგდია.
"წარმოგიდგენიათ ელდარ კურტანიძის გაგდება? აი, როგორ წარმოგიდგენიათ? პრეზდიუმის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის? ყველაფერი დაწვრილებით არის ჩვენს გვერდზე და შეგიძლიათ გაეცნოთ... შეგიძლიათ, გადაამოწმოთ, არაერთი ადამიანი ესწრებოდა, არანაკლები მსოფლიო ჩემპიონები, ერთი ადამიანი თუ დაადასტურებს, რომ მე გამარჯობის გარდა მაგისთვის სხვა რამე მითქვამს, არ ვიცი", - აბობს გეგეშიძე ფორმულას ეთერში.
30 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონმა და პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ლუკა კურტანიძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ ჭიდაობის ფედერაციაში გამართულ საანგარიშო ყრილობაზე დასწრების უფლება არ მისცეს. როგორც კურტანიძემ განმარტა, ფედერაციის პრეზიდენტმა, გეგე გეგეშიძემ მიანიშნა, რომ იქ ყოფნის უფლება არ ჰქონდა, რის შემდეგაც გასვლა სთხოვეს.
კურტანიძე ფედერაციის პრეზიდენტი 2012-დან 2014 წლამდე იყო. ის თანამდებობიდან ფედერაციის პრეზდიუმმა გადააყენა.