logo
ENG



PISA-ს კვლევა: კერძო სკოლების მოსწავლეები სტატისტიკურად საჯაროზე მაღალ შედეგებს აღწევენ

05 დეკ 202318:37
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/06/2sl7mco2we30p1u.jpg

PISA-ს განათლების 2022 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოში კერძო სკოლების მოსწავლეები სტატისტიკურად მნიშვნელოვნად მაღალ შედეგებს აღწევენ საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შედარებით, როგორც მათემატიკაში, ასევე კითხვასა და საბუნებისმეტყველო საგნებში.

სკოლის ტიპების მიხედვით, შედეგები ასეთია:

  • მათემატიკა: კერძო - 445 ქულა, საჯარო - 384 ქულა;
  • კითხვა: კერძო - 426 ქულა, საჯარო - 369 ქულა;
  • საბუნებისმეტყველო საგნები: კერძო - 436 ქულა, საჯარო - 379 ქულა.

კვლევის შედეგების მიხედვით, სკოლის ადგილმდებარეობის მიხედვით, მათემატიკის სფეროში მაღალი მოსწრებით გამოირჩეოდნენ თბილისში მცხოვრებელი მოსწავლეები (417 ქულა), შემდეგ სხვა ქალაქებისა (383 ქულა) და სოფლად მცხოვრები მოსწავლეები (369 ქულა). ყველაზე დაბალი შედეგები დაბაში მცხოვრებ მოსწავლეებს (344 ქულა) აქვთ. მსგავსი შედეგებია კითხვასა და საბუნებისმეტყველო საგნებშიც.

 

PISA 2022 წლის შედეგებით, საქართველოში ბიჭები (387 ქულა) და გოგონები (393 ქულა), საშუალოდ მსგავს დონეზე ასრულებდნენ მათემატიკის დავალებებს, თუმცა კითხვაში გოგონები 35 ქულით სჯობნიდნენ ბიჭებს (გოგონა - 392 ქულა, ბიჭი - 357 ქულა). საბუნებისმეტყველო საგნებში კი გოგონებმა 14 ქულით მეტი (391 ქულა) მიიღეს, ვიდრე ბიჭებმა (377 ქულა).

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა (PISA), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ეგიდით, 2000 წლიდან ტარდება. PISA ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სამდივნოს, საერთაშორისო კონტრაქტორების, ექსპერტების, მონაწილე ქვეყნებისა და ეკონომიკების თანამშრომლობის შედეგია.

შეფასება შემუშავებულია ერთობლივად, შეთანხმებულია თითოეულ მონაწილე ქვეყანა/ეკონომიკასთან და ტარდება ეროვნული ცენტრების მიერ. საქართველოში შეფასებას სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს. საქართველო PISA-ში 2009 წელს ჩაერთო, მომდევნო შეფასებები ჩატარდა 2015, 2018 და 2022 წლებში.

PISA-ს შეფასების მიზანია დაადგინოს, რამდენად შეიძინეს 15 წლის მოსწავლეებმა ის ცოდნა და უნარები, რომლებიც აუცილებელია თანამედროვე საზოგადოებაში სრულყოფილი მონაწილეობისთვის, განსაკუთრებით კითხვის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროებში.

PISA-ს შეფასება 15 წლის მოსწავლეების მიერ ცოდნის რეპროდუცირების უნართან ერთად ზომავს, რამდენად კარგად შეუძლიათ მოსწავლეებს ნასწავლის ექსტრაპოლაცია და მისი გამოყენება უცნობ გარემოში, როგორც სკოლაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.


close დახურვა