logo
ENG



მაკო გომური პარლამენტსა და შინაგან საქმეთა მინისტრს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის

06 დეკ 202313:10
3 წუთის საკითხავი
 

მაკო გომური პარლამენტსა და შინაგან საქმეთა მინისტრს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. 20 ივნისის აქციის ძალადობრივად დარბევისას დაზარალებული ითხოვს პოლიციის შესახებ კანონში და სხვა სამართლებრივ აქტებში კონკრეტული ჩანაწერის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც საპროტესტო აქციებზე პოლიციელების მხრიდან რეზინის ტყვიების გამოყენების წესებს ადგენს.

სადავო არის კანონი პოლიციის შესახებ 33 მუხლის კონკრეტული ქვეპუნქტი, რომელიც განსაზღვრავს სამართალდამცველების მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენებას საპროტესტო აქციებისა და დემონსტრაციების დროს. ირკვევა, რომ არსებული კანონით არ არის განსაზღვრული, კონკრეტულად როგორ იყენებენ პოლიციელები დემონსტრაციების დროს სპეციალურ საშუალებას და არ არის განსაზღვრული თანმიმდევრობა.

იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო 20 ივნისს დაზარალებული მაკო გომურის სარჩელს დააკმაყოფილებს, პარლამენტს მოუწევს შეცვალოს კანონი, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრს ბრძანება, რომლითაც ის საპროტესტო აქციებისა და დემონსტრაციების დროს ხელმძღვანელობს.

მაკო გომურის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერჯერობით განხილვაში არ მიუღია, თუმცა სარჩელის შინაარსი და ტექსტი უკვე გამოქვეყნდა სასამართლოს საიტზე. მაკო გომურის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

საია-ში აცხადებენ, რომ ეს პრინციპი და არსებული მდგომარეობა არღვევს ადამიანის კონსტიტუციასაც.

"რეზინის ტყვია არ არის არალეტალური საშუალება, ის არის ნაკლებად ლეტალური საშუალება, იმიტომ რომ მას შეიძლება ადამიანის სიცოცხლის მოსპობაც კი მოჰყვეს, ასევე ჯანმრთელობის შეუქცევადი დაზიანებაც კი მოჰყვეს, როგორც ეს მოხდა 20 ივნისს არა მარტო მაკო გომურის, არამედ სხვა დემონსტრანტებთან მიმართებაშიც. პრობლემა არის ის, რომ რიგითობას კანონმდებლობა არ ადგენს. კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, რა პირობებში უნდა იყოს ეს საშუალება გამოყენებული.

მაგალითად, არ შეიძლება მისი რიკოშეტის ეფექტით გამოყენება, როდესაც მყარ ზედაპირს ეხება და იფანტება, შესაძლოა, მოხვდეს იმ ადამიანსაც, რომელიც ძალადობრივ ქმედებაში არ არის ჩართული. არ შეიძლება სახურავიდან მისი სროლა, იმიტომ რომ არსებობს ადამიანის თავის დაზიანების საფრთხე. ასევე, დისტანციაზეც არის, რომლის სროლაც არ შეიძლება 20 მეტრზე ნაკლებ ზედაპირზე. ასეთი ტიპის რეგულაციები არ არის გაწერილი არც კანონში, არც შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებაში", - აცხადებს საია-ს იურისტი გიორგი ონიანი ფორმულასთან საუბრისას.

მაკო გომური 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალდა. შსს-ს მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიების სროლის შედეგად მაკომ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღო. კერძოდ, მას რეზინის ტყვია მოხვდა მარცხენა თვალში, რის შედეგადაც დაკარგა თვალი.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მას მიღებული აქვს სხეული დაზიანება მძიმე ხარისხით, რამაც გამოიწვია საერთო შრომისუნარიანობის შემცირება. საქმეზე, მოსარჩელის ინიციატივით, ჩატარდა არაერთი ექსპერტიზა, რომლებსაც ეფუძნება სასარჩელო მოთხოვნები.

საიას 20-21 ივნისს დაზარალებული 8 პირის სახელით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით უკვე აქვს სარჩელები სასამართლოში წარდგენილი.


close დახურვა