logo
ENG



SJC ავიაციის სააგენტოდან კოპლატაძის გათავისუფლებას ხელისუფლების კრიტიკის გამო დევნად აფასებს

07 დეკ 202312:15
3 წუთის საკითხავი
 

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან ზურაბ კოპლატაძის გათავისუფლებას "ხელისუფლების კრიტიკის გამო დევნად" აფასებს. ორგანიზაციის შეფასებით, ზურაბ კოპლატაძე სისტემამ "განსხვავებული პოზიციების და კანონის მოთხოვნების შესრულების გამო" დასაჯა.

ზურაბ კოპლატაძე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში საფინანსო-ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. ის აგვისტოში, სააგენტოში რეორგანიზაციის საბაბით გაათავისუფლეს, რეორგანიზაცია კი მხოლოდ მის შტატს შეეხო.

SJC-ში აცხადებენ, რომ კოპლატაძის სამსახურიდან გათავისუფლების რეალური მიზეზი მისი მხრიდან განსხვავებული მოსაზრებების გამოთქმა გახდა. კერძოდ, ცენტრის ცნობით, კოპლატაძე აფიქსირებდა განსხვავებულ პოზიციებს და იყო კრიტიკული სააგენტოსა და მთავრობის გარკვეული გადაწყვეტილებების მიმართ.

SJC-ში აცხადებენ, რომ ზურაბ კოპლატაძე 2023 წლის გაზაფხულზე ეწინააღმდეგებოდა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას და ამის შესახებ საჯაროდ საუბრობდა, რასაც მოჰყვა მითითებები და მუქარა, რომ მას სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ, თუ არ შეწყვეტდა საჯარო აქტიურობას. გარდა ამისა, ზურა კოპლატაძე სააგენტოში ასევე აყენებდა გარკვეული ავიაკომპანიებისთვის ოპერირების უფლების შეჩერების საკითხს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრში აცხადებენ, რომ კოპლატაძის სამსახურიდან გათავისუფლება არის დისკრიმინაციული მოპყრობა და ეს პრეცედენტი აქრობს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბების შესაძლებლობას.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან უკანონოდ გათავისუფლებული ზურა კოპლატაძის ინტერესებს სასამართლოში სოციალური სამართლიანობის ცენტრი დაიცავს. ცენტრი მოუწოდებს:

  • სასამართლოს - სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპის დაცვით, დროულად განიხილოს ზურაბ კოპლატაძის გათავისუფლების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელი;
  • საქართველოს გენერალურ პროკურატურას - დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს სავარაუდო დანაშაულის ნიშნების შემცველი უმოქმედობა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან.


close დახურვა