logo
ENG



მდინარაძე: მომდევნო 2 წლის განმავლობაში, საზმაუს ბიუჯეტი იქნება იგივე, რაც იყო მიმდინარე წელს

11 დეკ 202321:28
3 წუთის საკითხავი
 
მდინარაძე: მომდევნო 2 წლის განმავლობაში, საზმაუს ბიუჯეტი იქნება იგივე, რაც იყო მიმდინარე წელს

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი იქნება იგივე, რაც იყო მიმდინარე წელს.

უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ მან თქვა, რომ ორი წლის შემდეგ, 2026 წლიდან საზმაუს დაფინანსება დამოკიდებული იქნება საქართველოში დასაქმებული ადამიანების რაოდენობაზე.

"მომდევნო 2 წლის განმავლობაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი იქნება იგივე, რაც იყო მიმდინარე წელს. ეს მათ საშუალებას მისცემს, რომ დაასრულონ შენობა, მთლიანი ინფრასტრუქტურა შენობის, რომელიც არის დაწყებული და ეს არის ძალიან კარგი პროექტი და მოახდინონ მისი სრული აღჭურვა. ამის შემდეგ, 2 წლის შემდეგ ზუსტად, ანუ 2026 წლის 1 იანვარს ამოქმედდება წესი, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება დამოკიდებული იქნება საქართველოში დასაქმებული ადამიანების რაოდენობაზე უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ამ ადამიანების რაოდენობის ნამრავლი 64-ზე. დღევანდელი მოცემულობით, თუ ავიღებთ წინა წლის დასაქმებულთა რაოდენობას, ეს მთლიანად ფარავს მიმდინარე საოპერაციო ხარჯებს. ეს იმას ნიშნავს, რომ პროგნოზი არის ის, რომ გაიზრდება დასაქმებულთა რაოდენობა"- თქვა მდინარაძემ.

როგორც მან აღნიშნა, თუ დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდება, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი ავტომატურად არ შემცირდება.

კანონპროექტს, რომლითაც კანონით განსაზღვრული მაუწყებლის დაფინანსების ნორმა უქმდება, პარლამენტმა მხარი მხარი პარლამენტმა 15 ნოემბერს დაუჭირა.

არსებული ნორმა მაუწყებლის დაფინანსებას მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ით ითვალისწინებს. განმარტებითი ბარათის თანახმად, საზმაუს ბიუჯეტი არ შეიძლება იყოს წინა წლის შესაბამის მოცულობაზე ნაკლები. გარდა ამისა, დაფინანსების წინა წელთან შედარებით შემცირება მხოლოდ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თანხმობით იქნება შესაძლებელი.

16 ნოემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს პირველი მოსმენით მხარდაჭერილ კანონპროექტთან დაკავშირებით მიმართეს - მათი განცხადებით, კანონპროექტი მთლიანად ცვლის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსს და ფაქტობრივად, აუქმებს მას.

19 ნოემბერს დაფინანსების კანონპროექტთან დაკავშირებით ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი, თინათინ ბერძენიშვილი და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძე პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსა და ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ.


close დახურვა