logo
ENG



მთის ამბები: ყაზბეგის მერი კვლავ დაესხა თავს მოქალაქეს, რომელიც ჰესის მშენებლობას აპროტესტებს

21 დეკ 202312:12
3 წუთის საკითხავი
 

მთის ამბების ინფორმაციით, ყაზბეგის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი კვლავ დაესხა თავს მოქალაქე მარტია პაპიაშვილს, რომელიც კამარა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს და კრიტიკულ პოზიციას ღიად გამოხატავს.

კერძოდ, გამოცემა წერს, რომ 21 ნოემბრის ინციდენტის შემდეგ, როდესაც ბაკურ ავსაჯანიშვილი ფიზიკურად გაუსწორდა ადგილობრივ მცხოვრებს, ის კიდევ ერთხელ დაესხა თავს მარტია პაპიაშვილს. ინციდენტი სოფელ აჩხოტში მოხდა.

მთის ამბების ცნობით, ყაზბეგის მერს მარცხენა ხელი სწორედ მაშინ დაუზიანდა, როდესაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს. მერმა სამედიცინო დახმარებისთვის ადგილობრივ საავადმყოფოს მიმართა, თუმცა პოლიციისთვის დანაშაულის შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებია.

მთის ამბებთან თავად ყაზბეგის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი მომხდარს უარყოფს და ირწმუნება, რომ ხელი "ვარჯიშის დროს დაიზიანა".

"მარტია პაპიაშვილისთვის არ მიმიყენებია არც ფიზიკური, არც სიტყვიერი შეურაცხყოფა. [...] არ ყოფილა არანაირი ფიზიკური შეურაცხყოფა, არც ფიზიკური. [ხელი] ვარჯიშის დროს დავიზიანე", - ამბობს მერი მთის ამბებთან საუბრისას.

***

მთის ამბებმა 21 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი ფიზიკურად გაუსწორდა ადგილობრივ მცხოვრებს, რომელიც მდინარე თერგზე კამარა ჰესის მშენებლობას აპროტესტებდა. თავად ყაზბეგის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა გავრცელებული ინფორმაცია უარყო და "ტყუილი" უწოდა.

გამოცემა თვითმხილველებზე დაყრდნობით წერდა, რომ მერმა მოქალაქეს ჯერ განმარტება მოსთხოვა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კრიტიკული პოსტის გამო, რის შემდეგაც ხალხის თანდასწრებით სახეში დაარტყა და დაამცირა.

გამოცემა აქვეყნებდა პოსტს, რომელსაც ინციდენტამდე კაცი, რომელსაც მერი ფიზიკურად გაუსწორდა, Facebook-ზე წერდა: "ვინც ხევის მიწა-წყლის დაყიდვას არ ეთანხმება და „კამარა ჰესის“ პროექტს მხარს არ უჭერს, სამსახურებიდან გაშვებით ემუქრებიან ეს უტვინოები. არბოლებენ თავის ხელის ბიჭებსა სოფლებში. ამათი დანდობა და გათვალისწინება აღარ შეიძლება, სუყველა გამყიდველი ნაძირალა მხილებული უნდა იქნეს".

მთის ამბები წერდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის შესახებ ინფორმაცია აქვს ყაზბეგის პოლიციას, მომხდარზე გამოძიება ფორმალურადაც კი არ არის დაწყებული. გამოცემის ცნობით, ბაკურ ავსაჯანიშვილი, ვიდრე მას ქართული ოცნებიდან მერად აირჩევდნენ, 2012-20 წლებში ყაზბეგის პოლიციის უფროსი და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.

მთის ამბები ადგილობრივ აქტივისტებზე დაყრდნობით წერდა, რომ ყაზბეგის მერი კამარა ჰესის პროექტს აქტიურად ლობირებს და მისი დავალებით ამ პროცესში ჩართულნი არიან სხვა საჯარო მოხელეებიც.

საქართველოს ხელისუფლებამ ორწლიანი პაუზის შემდეგ ყაზბეგში კამარა ჰესის მშენებლობის პროექტის განხილვა განაახლა. ადგილობრივები მშენებლობას აპროტესტებენ.

7 ოქტომბერს შაბათის ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის ინტერესების ლობირებაშია მხილებული ადგილობრივი ხელისუფლებაც, მერიის წარმომადგენლები ხეობაში, სადაც თერგი მილებში უნდა დაამწყვდიონ - კარდაკარ დადიან და მოსახლეობას ჰპირდებიან რომ ჰესის აშენების შემთხვევაში დენი უფასო ექნებათ.

არა რუსულ ჰესს - შაბათის ფორმულა


close დახურვა